სკოლების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მშობელთა აზრის შესწავლის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ (P4E) online გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1030-მა მშობელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, თბილისში, სხვა დიდ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა პირებმა.
გამოკითხვის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე
გამოკითხვის ჩატარების საფუძველი გახდა მშობელთა მაღალი მიმართვიანობა. გასული ერთი წლის განმავლობაში მშობელთა ასოციაციას არაერთი მშობელი დაუკავშირდა, რომელიც წუხილს გამოთქვამდა მისი შვილის სკოლაში არსებული ბინძური გარემოს გამო. სკოლებში სისუფთავის დაცვის პრობლემამ ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა 2023 წლის ივლისში გამოცემულ პუბლიკაციაში „სასკოლო გამოწვევები“, რომლის შედგენაში 800 მშობელი იყო ჩართული. სკოლებში ანტისანიტარიაზე წლებია მიუთითებს სახალხო დამცველის ანგარიშები, რომლის მიხედვითაც სკოლის სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების ჯანმრთელობას და აფერხებს ბავშვთა განვითარებას.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა მშობლების ნაწილი საგანგაშოდ აფასებენ სკოლის შენობებში სისუფთავის დაცვის მაჩვენებელს. მათი ინფორმაციით, სკოლებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობით დამლაგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ ჰყავთ დამლაგებელი. ასეთ სკოლებს მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ალაგებენ.
მშობლები ამბობენ, რომ დაბალი ხელფასის გამო სკოლას უჭირს მოიზიდოს და შეინარჩუნოს თანამშრომლები დამლაგებლის პოზიციაზე.
მშობლები სკოლაში ყველაზე დაბინძურებულ წერტილად საპირფარეშოს მიიჩნევენ.
-
გამოკითხულთა 85% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშოში უსიამოვნო სუნი დგას.
-
გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშო „უმეტესად დაბინძურებულია“.
-
გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მისი შვილის საპირფარეშოში კარი არ იკეტება, რადგან არ აქვს საკეტი ან დაზიანებულია.
-
გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათი შვილის სკოლის საპირფარეშოში ხან საპონი არ არის და ხან ქაღალდი. დამატებით 17% კი აცხადებს, რომ არც საპონია და არც ქაღალდი.
-
გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მისი შვილი ცდილობს არ გამოიყენოს სკოლის საპირფარეშო, ხოლო 4,5% ამბობს, რომ მათი შვილები არასოდეს სარგებლობენ სკოლის საპირფარეშოთი.
მშობლების ცნობით, პრობლემური საკითხია საკლასო ოთახების სველი წესით დალაგებაც. გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამბობს, რომ საკლასო ოთახის სველი წესით დასუფთავება ყოველდღიურად ხდება. სხვათა მოსაზრებით ოთახები კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იწმინდება. მშობლების 20% ამბობს, რომ თვითონაც მიუღია მონაწილეობა სკოლის დასუფთავებაში. 14%-ს დაუდია თანხა იმისთვის, რომ დამატებით გადაეხადათ სკოლის დამლაგებლისთვის ან დაექირავებინათ გარეშე პირი საკლასო ოთახის დასალაგებლად. 12% მიუღია მონაწილეობა ფულის შეგროვებაში, რათა შეეძინათ საპირფარეშოს ქაღალდი და ჰიგიენის დაცვის სხვა საშუალებები სკოლაში მისატანად. ხოლო 6%-ს თავად მიუტანია სკოლაში საპირფარეშოს ქაღალდი და სველი ხელსახოცები.
მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ განათლების მინისტრის მიერ სკოლის ტექნიკური პერსონალისთვის დაანონსებული ხელფასების 10%-30%-ანი ზრდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდებს სკოლებში ანტისანიტარიის აღმოხვრაზე.
-
მშობლები, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გააორმაგოს დამლაგებლების ანაზღაურება და მათი საშტატო ერთეული სკოლებში, რათა შესაძლებელი გახდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და შეიქმნას ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.
-
გამოკითხული მშობლები საჭიროდ თვლიან, შეიქმნას სკოლის სანიტარიული კვანძების,საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების და სხვა სივრცეების დასუფთავებისპროტოკოლი, რომელიც მკაცრად იქნება დაცული ყველა სკოლაში.
-
გამოკითხული მშობლები გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევენ სასკოლო სივრცეშიბავშვებისთვის ჰიგიენის ნორმების დაცვის სწავლებას, ასევე, ინფრასტრუქტურის დარესურსების მოფრთხილების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებას. ამასთან,მშობლები მზადყოფნას გამოთქვამენ თავისი წვლილი შეიტანონ მოსწავლეთაცნობიერების ამაღლების საქმეში.
გამოკითხვა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“, პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.