მეგი კავთუაშვილი
4 წლის წინ, როცა ახალ ეტაპზე გადავიდა ჩემი და სკოლის ურთიერთობა, როცა მე მეორედ შევედი სკოლის კედლებში, უკვე როგორც მშობელი, დავდექი ერთგვარი არჩევანის წინაშე: დამესვა კითხვები ყველა იმ საკითხზე, რაც მაინტერესებდა, მაწუხებდა ან გავჩუმებულიყავი და მიმეღო ის, რასაც მაძლევდნენ. რასაკვირველია, არჩევანი კითხვების დასმაზე გავაკეთე და არც შევმცდარვარ. საბედნიეროდ, სკოლა, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, სრულიად მომზადებული აღმოჩნდა მშობლებთან ურთიერთობისთვის. სრულიად ღია, გახსნილი და პოზიტიურად განწყობილი მოსწავლეთა მშობლების მიმართ. რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გადავლახეთ თანამშრომლობით, ისე რომ ბავშვზე ორიენტირი არც სკოლას დაუკარგავს და არც მშობლებს. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ მიბიძგა, მეფიქრა ორგანიზაციის დაფუძნებაზე, რომელიც გაავრცელებდა სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას. პირველად ჩანაფიქრი ჩემი შვილის კლასელების მშობლებს გავუმხილე. სწორედ მათ, ვისთან ერთადაც ვიჯექი და ბევრს ვფიქრობდით, როგორი იქნებოდა სწორი კომუნიკაცია კონკრეტული გამოწვევების დროს. შემდეგი ნაბიჯი თანამოაზრეების წრის გაფართოება იყო. ჩანაფიქრი განათლების თემით დაინტერესებულ რამდენიმე გონიერ ადამიანს გავუმხილე. აღმოჩნდა, რომ მათაც ეფიქრათ ამ თემაზე, ისინიც ხედავდნენ მშობელთა ასოციაციის დაარსების საჭიროებას. რამდენიმეთვიანი კონსულაციების შემდეგ ჩვენ შევჯერდით ერთიან ხედვაზე. ჩამოვყალიბდით მიზანზე, მისიაზე, ამოცანებზე და უკვე 2018 წლის პირველივე სამუშაო დღეს დავაფუძნეთ არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის პირველ ინიციატორს საქართველოში.
ეს იყო და არის ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი საქმე, ვინაიდან მჯერა, რომ სკოლამდელი და სასკოლო ცხოვრება გარდამტეხ როლს ასრულებს პიროვნების ფორმირების პროცესში. მგონია, რომ მშობლებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, შორიდან ვუყუროთ 12-წლიან პერიოდს, რადგან უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი, არამედ მთელი საზოგადოება და სახელმწიფოც კი. ამიტომ მშობლებმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, ავიმაღლოთ ცნოებიერება, თუკი ეს გვჭირდება და გავაგონოთ ჩვენი ხმა განათლების პოლიტიკის ავტორებს. მშობლების არათუ უფლება, არამედ მოვალეობაა მეთვალყურეობა გაუწიოს ვინ, რას და როგორ ასწავლის მის შვილს. რადგად ღრმად ვარ დარწმუნებული, მშობელზე მეტად არავის უნდა ბავშვის კეთილდღეობა.
დღეს უკვე არსებობს „მშობლები განათლებისთვის“. სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მშობელთა ერთობას. მარტო დარჩენილი მშობლისგან განსხვავებით, ორგანიზაციას მეტი ძალა აქვს, ვინაიდან ის არა რამდენიმე, არამედ ასობით და ათასობით მშობლის გაერთიანებული ხმაა. ჩვენ ერთად შევძლებთ, ერთი მხრივ, გავილაშქროთ ყველა მანკიერების წინააღმდეგ, რასაც დღეს განათლების სისტემაში ვხვდებით და მეორე მხრივ, დღის სინათლეზე გამოვიტანოთ და მისაბაძი გავხადოთო სისტემის პოზიტიური მხარეები.
ლევან ალაფიშვილი
სამი შვილის მამა ვარ. ოჯახში სკოლის მოსწავლეც გვყავს და სტუდენტიც. მე და მაკა, ჩემი მეუღლე ლექციებს ვუკითხავთ სტუდენტებს, მომავალ იურისტებს. მოკლედ, განათლება ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ჩვენს თაობაში უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის არქონა სირცხვილი იყო. ცოდნის კი არა, დიპლომის! ასე განვვლეთ სიყმაწვილე და 20 წლის წინ დავდექით პრობლემის წინაშე – პირველი შვილი უნდა წასულიყო სკოლაში. იმჟამად საჯარო სკოლები არ იყო საუკეთესო ადგილი განათლებისა და აღზრდისთვის, გადაწყვეტილებაც კერძო სკოლის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ეს იყო ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ არა საბოლოო. შვილები საზოგადოების წევრებად უნდა დამკვიდრებულიყვნენ, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა, ხარისხი და დონე ვერ პასუხობს განვითარების სტანდარტებს. განათლების სისტემური პრობლემა აქამდეც არსებობდა და იგი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. შესაძლოა სწორედ პრობლემის მასშტაბის შიშით სისტემურ რეფორმას ყველა მმართველი თავს არიდებდა. დავინახეთ, რომ პრობლემის წინაშე მმართველთა მარტო დატოვება არის ის შეცდომა, რასაც ჩვენ, მშობლები ვუშვებთ. ბავშვი მიგვყავს სკოლაში და ყველაფერს იქიდან ვითხოვთ ისე, რომ მცირედსაც კი არ ვაკეთებთ. ჰოდა, განათლებაში მშობელთა ჩართულობის აქტუალობაც ცხადად წარმოჩინდა. სულ ახლახან კი თანამოაზრეებმა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი და 2018 წლის დამდეგს ორგანიზაციაც დავაფუძნეთ: „მშობლები განათლებისთვის“. მჯერა, განათლებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობა უზრუნველყოფს სისტემის რეფორმას, განვითარებას და ჩვენი შვილების მომავალს.
მანანა ჯინჭარაძე
მილიონი გამოწვევა არსებობს იმისათვის, რომ ჩემი არსებობა გავამართლო აქ, – ამ ორგანიზაციაში და დღეს:
- დამფუძნებლებთან, როგორც საინტერესო, შემოქმედებით, კრეატიულ და ნიჭიერ ახალგაზრდებთან მუშაობა. ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან მოქმედებისთვის, მე კი – მათთან სამუშაოდ;
- ჩვენ მიერ დაგროვებული დიდი გამოცდილება, რომელიც გვინდა გავაზიაროთ, ავხსნათ, ვაჩვენოთ და რეალიზება გავუკეთოთ;
- დღემდე მშობლებისაკენ მიმართული დანაიდების შრომა და საშიში მდგომარეობა – გაურკვევლობა;
- უსაზღვრო სურვილი მშობელთა დახმარებისა და მშობლისადმი უნდობლობის გასაქარწყლებლად.
და ბოლოს, მჯერა, ჩვენ ვიგებთ იმ ომს, რომელსაც მხოლოდ დედები და მასწავლებლები იგებენ!
გიორგი გახელაძე
ჩემი სიამაყის, სიმამაცის, შრომისა თუ თავმდაბლობის მთავარი წყარო ჩემი შვილები არიან. ჩემს მეუღლესთან, ირმასთან ერთად სამი შვილისა და მათი მომავლისათვის ვცხოვრობთ. ორივეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, თავისუფლება და განათლება მათივე ბედნიერების საწინდრად მიგვაჩნია. ორივეს გვჯერა, რომ განათლება თავისუფლებაა და ჯანსაღი დამოუკიდებელი ცხოვრების საფუძველია. მეც და ირმაც განათლების სამსახურში, უპირველესად, ჩვენი შვილების გამო ჩავდექით და ამიტომაც დღემდე ვსწავლობთ. მე – მასწავლებლობით, ხოლო ირმა – საბავშვო მწერლობით განათლების სამსახურში, უპირველესად, ჩვენი შვილებისა და მათი თანატოლების გამო ჩავდექით. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენზე მეტი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ჩვენი შვილებისათვის არავინაა. ასე ხართ ნებისმიერი თქვენგანი. სწორედ, ჩვენი სამშობლო დანიშნულებისა და ადამიანის თავისუფლების უზენაესი ღირებულების რწმენის საფუძველზე მჯერა, რომ ჩვენი შვილების განათლებაში პირველი ხმა ჩვენ – მშობლებს გვეკუთვნის. ეს რწმენა გახდა ამ ერთობაში – „მშობლები განათლებისათვის“ – ჩემი მონაწილეობის მიზეზი.
თეა ცხვირავაშვილი
ჩემი (ჩვენი) შვილები არიან მთელი სამყარო, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განვითარებული, განათლებული, ჯანსაღი. რაც უფრო იზრდებოდნენ ჩემი შვილები, მით მეტად მიპყრობდა შფოთი ჩვენს რეალობაში არსებული პრობლემების გამო. გამიჩნდა სურვილი, რომ რეალურად ვიმოქმედო , რაღაც შევცვალო, რაღაც დავალაგო, რაღაც შევაკეთო – დანგრეული და გაფუჭებული; რაღაც გავწმინდო და დავასუფთავო; იმიტომ, რომ ჩემს (ჩვენს) შვილებს ჰქონდეთ მდგრადი, მყარი, ჯანმრთელი და საიმედო ,,ტრამპლინი“, საიდანაც ისინი უკვე კეთილშობილ, თავისუფალ, ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებულნი გადაეშვებიან ,,ღია ზღვაში,“ და მე არ მექნება შიში, რომ ისინი თავს ძალადობის და აგრესიის გარეშე ვერ გაართმევენ სირთულეებს.
ჩემი აზრით, კარგია სკოლა, სადაც ბავშვს უხარია მისვლა, უხარია, რადგან გარემო ჯანსაღი და უსაფრთხოა, ხოლო დამოკიდებულებები ყველასთან (თანატოლებთან, მასწავლებლებთან, პერსონალთან) არის მეგობრული, ღიმილიანი, თბილი, გულისხმიერი და პატივისცემით გაჯერებული.
როდესაც ორგანიზაციის შექმნა გადავწყვიტეთ, ორი სურვილი მამოძრავებდა: ერთი, რომ მშობლებმა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მეორე, მოვთხოვოთ სკოლას თუ ბაღს, კეთილსინდისიერად შეასრულოს ფურცელზე დაწერილი კანონი, დადგენილება თუ შინაგანაწესი. უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი ვალია.
თამარ ილურიძე
სკოლაში მუშაობა ბედნიერებაა, კარგი და მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის, რომ პოზიტიური გავლენა მოახდინო განათლების სისტემაზე. ზოგჯერ რთულია დაარწმუნო გარშემომყოფები, რომ სკოლაში გიხარია, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი მაშინ, როცა მთავარია მოსწავლეების განწყობა – მათ უნდა ისწავლონ ხალისით და არ ეშინოდეთ სკოლის სანქციების.
იმ დროს, როცა ყველა ვსაუბრობთ განათლების პოლიტიკის ხარვეზებზე და ვთანხმდებით, რომ სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, თითქოს ზედაპირულები ვართ და ვერ ვხედავთ ამ პროცესში ჩვენს ზუსტ და საჭირო ფუნქციას, ამიტომ აღმოჩნდა მშობლების დიდი ნაწილი „სკოლის გარეთ.“
ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ დაფუძნება და წევრობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ასეთივე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღე, როცა მეორე პროფესიად სამოქალაქო განათლების მასწავლებლობა ავირჩიე და ჩემი მომავალი საქმიანობა სკოლას დავუკავშირე.
მომწონს და მაიმედებს ორგანიზაციის მიზნები და სურვილები, რომ სკოლა და მშობლები პარტნიორები გახდნენ და მუდმივად ითანამშრომლონ, სასწავლო პროცესი დაგეგმონ და წარმართონ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით.
მშობლებმა დაიჯერონ, რომ შეუძლიათ განათლების პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილებების შეტანა.
თაია მახარაშვილი
სანამ მკითხველს გავუზიარებდი, თუ რატომ მწამს მშობლების და მთლიანად საზოგადოების ნებით განათლების სფეროში დიდი ცვლილებების განხორციელების, რამდენიმე წუთით ადრე სოციალურ ქსელში ჩემმა უფროსმა მეგობარმა, რომელიც განათლების სპეციალისტია, ვიდეო გააზიარა, რომელიც ამ წერილის ინსპირაციად და ჩვენი ორგანიზაციის მიზნების კიდევ ერთ დასტურად აღვიქვი.
ვიდეოში მარტივი ექსპერიმენტი იყო ასახული, რომლითაც დგინდება, რომ წყალუხვობის და ჭარბი ნალექის შემთხვევაში მცენარეებს შეუძლიათ დიდი ოდენობით წყალი შეიწოვონ და ამ გზით დაიცვან გარემო მეწყერისგან, წყალმოვარდნისგან, წყალდიდობებისგან და ა.შ.
ასეთი მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება სკოლაშიც შეიძლება, არც განსაკუთრებულ ფინანსებს საჭიროებს და არც განსაკუთრებულ ძალისხმევას, სამაგიეროდ ბავშვები მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებენ, რომ გამწვანება და თითოეული ხე მნიშვნელოვანია იმ გარემოს დაცვისთვის, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ. მერე ეს მარტივი ჭეშმარიტება ფასეულობად ექცევათ, რაც სწორ განვითარებაში დაეხმარებათ მაშინ, როდესაც ზრდასრულები იქნებიან და თვითონ გახდებიან გადაწყვეტილებების მიმღებნი საპირადო თუ საქვეყნო საქმეში.
სწორედ ამიტომ მინდა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ჩვენი შვილების მსოფლმხედველობაზე დადებითად აისახებოდეს და იმდენად პრაქტიკული იყოს, რომ მათ ცხოვრება გაუადვილდეთ;
მინდა, რომ ჩვენი ბავშვების ყოველი სასწავლო დღე ნამდვილად საინტერესო, სასარგებლო და ახალი პოზიტიური გამოცდილების მომტანი იყო, რომ მათ სჯეროდეთ ცოდნის ძლიერების;
მინდა, რომ ყოველი სასწავლო წელი სრულდებოდეს მათი გულისწყვეტით, რომ არდადეგების გამო უნდა გამოეთხოვონ საყვარელ მასწავლებელს, ძვირფას მეგობრებს, სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილ ნათელ და ესთეტიურ გარემოს, იმისათვის, რომ მათ მთელი ცხოვრება სწამდეთ მეგობრობის, სიყვარულის, თანამშრომლობის, გუნდურობის, ცოდნის გაზიარებისგან მოპოვებული ორმხრივი სარგებელის და ა.შ.
მინდა, რომ ჩვენი პატარები გვეყრდნობოდნენ, ვეიმედებოდეთ მშობლები და მასწავლებლები. სჯეროდეთ, რომ მარტო არც ერთი განსაცდელის წინაშე დარჩებიან და მათ გვერდით ყოველთვის ეყოლებათ გულადი და გულითადი ადამიანები, რომლებიც ყოველივე ცუდს აარიდებენ. დიახ, მათ ამის რწმენა ნამდვილად სჭირდებათ.
მინდა, რომ გარდა ოჯახისა, სწორედ ბაღი და სკოლა იყოს ბავშვთა ბედნიერების ადგილი.
მე მინდა პოზიტიური ცვლილებები, რომ ბავშვის უფლება ყველა სივრცეში დაცული იყოს.
და ეს არაა ოცნება, ეს ძალიან ახლოა, ერთი ხელის გაწვდენაზეა, თუ ყველა მშობელი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ბედნიერება და სიკეთე ემეტება საკუთარი შვილისთვის, გაერთიანდება, ერთმანეთს დაეხმარება, უფრო მეტად გაეცნობა იმ გარემოს, სადაც მისი შვილი ნახევარ დღეზე მეტს ატარებს და უფრო მეტს გააკეთებს ამ გარემოს გაჯანსაღებისთვის.
მერე რა, რომ ჩემი შვილები ჯერ არც ბაღში დადიან და არც სკოლაში. ვფიქრობ, ბრძოლა ჩვენი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლებისთვის, მათი უსაფრთხოებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, მთლიანად, მათი უფლებებისათვის ახლავე და აქედან უნდა დავიწყო.
როგორც წესი, ადამიანები საკუთარი ეგოისტური მისწრაფებებიდან ამოვდივართ, მაგრამ დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები დიდ საქმეს და ამ საქმის საფუძვლად საყოველთაო საზოგადოებრივ კონსენსუსს მოითხოვს, სწორედ ამიტომ, მე არ ველოდები იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილები ბაღში ან სკოლაში წავლენ, ან იმ დღეს, როცა ჩემი მონაწილეობის და საერთოდ, მშობლების აქტიური მონაწილეობის გარეშე რაიმე არსებითად შეიცვლება განათლების სისტემაში, თუმცა მჯერა იმ დღის, როდესაც თანადგომით, მხარდაჭერით, თანამშრომლობით, მეგობრობით, სოლიდარობით ჩვენი პატარების ბედნიერ მომავალს შევქმნით.