განათლების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა საყურადღებოდ და საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის დაწყების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ იმ გამოწვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ექმნებოდათ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს.

ჩამონათვალი შედგენილია ასოციაციის სატელეფონო მომსახურების ცენტრში საანგარიშო პერიოდში შემოსულ ზარებზე დაყრდნობით და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან ჯგუფური კონსულტაციების შედეგად, რომელიც გაიმართა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის („მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“) ფარგლებში. გასული სასწავლო წლის მიწურულს გამოწვევათა ნუსხაში მოცემულ საკითხებზე 800-ზე მეტმა მშობელმა იმსჯელა. ხოლო ნუსხის შედგენაში უშუალოდ მონაწილეობდა 30 სკოლის 40 მშობელი, მათ შორის, თბილისში, დიდ ქალაქებსა და სოფლებში მდებარე სკოლების მოსწავლეთა მშობლები.

ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები მეტ-ნაკლები სიმძაფრით ეხება საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების დიდ უმრავლესობას. ხელს უშლის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებაში და აფერხებს ბავშვების ჯანსაღ განვითარებას. სწორედ ამიტომ, მშობლებს გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნიათ ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებთან და პირებთან ერთად მსჯელობა, დაინტერებული მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრის გზების ოპერატიულად მოძიება.

პუბლიკაციის სახით იხილეთ ბმული სასკოლო გამოწვევები

2022-2023 სასწავლო წლის სასკოლო გამოწვევების ნუსხა

სკოლა ვერ ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით, განათლების სისტემის დანიშნულებაა. გასულ სასწავლო წელს Ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში სკოლას სამივე მიმართულებით კვლავ ჩავარდნა ჰქონდა. კერძოდ,

  • არ არსებობს Სასკოლო კვების პროგრამა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. უმეტესად გაკვეთილებს მშიერი ბავშვები ესწრებიან. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც არის, იქ ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტები იყიდება. კერძოდ, გაზიანი სასმელები, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული. სკოლის დირექტორები თავიდან ირიდებენ პასუხისმგებლობას იჯარით გაცემულ ფართში მიმდინარე პროცესების შესახებ. გარდა ამისა, სკოლაში არ არსებობს კვების კულტურა. მოსწავლეებს არ აქვთ სივრცე და დრო, იმისთვის, რომ მიიღონ სახლიდან წაღებული ულუფა.
  • სკოლები ვერ სუფთავდება ხარისხიანად. არასაკმარისი კადრებისა და რესურსების გამო სკოლების შენობების ხარისხიანი დასუფთავება არ ხდება. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკლასო ოთახების სველი წესით დასუფთავების და საპირფარეშოების მოვლის პრობლემა. სკოლას არ აქვს ავტონომია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენ დამლაგებელს დაიქირავებს და რა იქნება მათი ხელფასი. სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დამლაგებლების შტატის ოდენობა არ არის საკმარისი ხარისხიანი დასუფთავებისთვის. ამავე დროს, მათი ხელფასი იმდენად მცირეა, რომ უჭირთ კადრების მოძიება. პრობლემის მოგვარება აღემატება სკოლის შიდა ძალებს და საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას.
  • Სპორტის გაკვეთილები ცდება ან უხარისხოდ ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის საათების რაოდენობა გაიზარდა, ეს გაკვეთილი ასობით სკოლაში ფიქტიურად ტარდება და არ ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. უმეტესად, ამას ხელს უწყობს სპორტული დარბაზების არ არსებობა და/ან მძიმე მდგომარეობა. ბევრ სკოლაში სპორტის დარბაზი იმდენად გასარემონტებელია, რომ ფიზიკურ სართხეს წარმოადგენს იქ ყოფნა. გარდა ამისა, ასეთ დარბაზებშიც კი რამდენიმე კლასს ერთად „უტარდება“ გაკვეთილი, რაც ქმნის ქაოსს და ზრდის დაზიანების რისკებს. სპორტის გაკვეთილზე ბავშვები ვარჯიშის და სპორტული რეჟიმის ნაცვლად, არიან თავისუფლად, სეირნობენ მეთვალყურის გარეშე ან იმყოფებიან საკლასო ოთახში, მერხთან.

სკოლებში ხშირად ირღვევა ბავშვთა უფლებები

  • მასწავლებლების მცირე ნაწილი ატარებს მრავალფეროვან გაკვეთილებს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. უმეტესად, გაკვეთილები მოსაწყენი და ბავშვებისთვის უინტერესოა, რაც იწვევს მათ დემოტივაციას სწავლაში. განათლების რეფორმის ფარგლებში შეთავაზებული კომპლექსური დავალება თუ სხვა ინსტრუმენტები ჯერ კიდევ ვერ გახდა სწავლების ორგანული ნაწილი და აღქმულია, როგორც დამატებითი სამუშაო.
  • მშობლებს მასიურად უწევთ რეპეტიტორების დაქირავება იმავე მიზნის მისაღწევად, რასაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ტენდენცია უფროსკლასელებში. სკოლაში სიარული ათასობით მოსწავლისთვის გაცდენილ დროსთან ასოცირდება, რადგან ბევრი მოსწავლე დაწყებითი საფეხურიდან კერძოდ ემზადება მასწავლებლებთან. (გავრცელებული პრაქტიკით, მოსწავლეები ყველაზე ხშირად უცხო ენებში, მათემატიკასა და ქართულში ემზადებიან.)
  • მასწავლებლების ნაწილი იყენებს არაპროფესიონალურ, ძალადობრივ მიდგომებს ბავშვებთან. სასკოლო კულტურაში არ გვაქვს დიალოგის და პრობლემების არაძალადობრივი გზების გადაჭრის მექანიზმები. მიუხედავად ფართოდ გავრცელებული ცოდნისა, რომ ყვირილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, საკლასო ოთახებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ისმის ყვირილის ხმა. პედაგოგებს განსაკუთრებით უჭირთ მოსწავლეთა ქცევის მართვა. ისინი არ ფლობენ ცოდნას, როგორ შეაფასონ და მართონ კლასში გამოვლენილი ქცევები. ერთ-ერთი გავრცელებული „სტრატეგია“ ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც გამოიხატება ხმამაღალ, ღირსებაშემლახველ კომუნიკაციასა და განმსაზღვრელი შეფასებით, ე.წ. ნიშნებით მანიპულაციაში. ხშირად, სკოლის თანამშრომლები მშობელს აიძულებენ, გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში და ამ გზით ცდილობენ პრობლემის „გადაწყვეტას“. სამწუხაროდ, სკოლებში არ არსებობს მხარდამჭერი გუნდი, რომელიც იმსჯელებს, განიხილავს ცალკეულ შემთხვევას, მოიწვევს გარე სპეციალისტებს, იმუშავებს მედიაციის ფორმატში, რისი მიზანიც არა დამნაშავის გამოვლენა და დასჯა იქნება, არამედ პრობლემის სიღრმისეული გააზრება, მოგვარება და სამომავლო პრევენცია.
  • უმეტეს სკოლაში არ არის ფსიქოლოგების შტატი. სკოლა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიის შემდეგ დაბრუნებულ მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთა პროფესიული საზოგადოება, მასწავლებლები და მშობლები ვთანხმდებით, რომ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა პანდემიამ მკვეთრად გააუარესა, ამ დრომდე სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც ადგილზე იმუშავებს აღმოჩენილი პრობლემის დროს და/ან იზრუნებს სპეციალისტთან დროულ გადამისამართებაზე. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის რესურსი მეტად შეზღუდულია არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, სკოლის თანამშრომლები ხშირად გაურკვეველი მიზეზების გამო ერიდებიან ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ისტორიის გადამისამართებას. ამავე დრო, სკოლაში მყოფ პირებს ხშირად არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, ეფექტიანად მართონ არსებული გამოწვევები (მაგალითად, ბავშვებს შორის კონფლიქტები) ან იმუშაონ პრევენციაზე.

სკოლებში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია:

  • სკოლის შენობების მშებენლობა და რემონტი წლების განმავლობაში ჭიანურდება. ათასობით ბავშვს უწევს წლობით სხვა სოფლის/უბნის სკოლაში შეკედლებულმა ისწავლოს იმის გამო, რომ სკოლის შენობებში დაწყებული სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაობი ვერ სრულდება ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში. ნორმად იქნა აღიარებული Online და ჰიბრიდული სახის უხარისხო სწავლება, რაც პანდემიის დროის პრაქტიკაა მსოფლიოსთვის. სამშენებლო კომპანიების არაკეთილსინდისიერების თუ არაკომპეტენტურობის და იმ პირთა გულგრილობის გამო, ვისაც ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციათა კონტროლი ევალება, ბავშვები წლობით ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას. ეს განსაკუთრებით საზიანოა იმ ფონზე, როცა ყველა საერთაშორისო კვლევით, საქართველოს სკოლების მოსწავლეები ჩამორჩებიან სწავლაში სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს. ყოველივე ეს ათასობით ბავშვს ხელს უშლის ხარისხიანი განათლების მიღებაში, ასაკობრივ განვითარებაში და ართმევს მომავალში ღირსეულად ცხოვრების პერსპექტივას.
  • სკოლის შენობების სიმცირის გამო, კლასები გადატვირთულია, ხოლო სკოლებში რამდენიმე ცვლიანი სწავლება მიმდინარეობს. სასკოლო კალენდრის შედგენის დროს არ არის გათვალისწინებული ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და სხვა მახასიათებლები. არ მიმდინარეობს არავითარი კონსულტაცია მოსწავლეთა ოჯახებთან. ძალიან ხშირად მშობლებს უწევთ უარი თქვან სამსახურზე, რაც მნიშვნელოვანია მათი და ბავშვების კეთილდღეობისთვის და მოერგონ იმ მოცემულობას, თუ რომელ ცვლაში მოხვდება იმ წელს მისი შვილი. ბევრი სკოლის დირექცია გადაწყვეტილების მიღების დროს არ ხელმძღვანელობს ობიექტური ინდიკატორებით და ერგება სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა მოთხოვნებს, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა სკოლაში, ხოლო გაკვეთილების შემდეგ რეპეტიტორად მუშაობენ.
  • საპირფარეშოებში არ არის დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები. სოფლის სკოლებში ხშირად არ მოდის წყალი, არ არის საპონი და ხელის დაბანის შესაძლებლობა. იგივე პრობლემა შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდევა დედაქალაქის და დიდი ქალაქების სკოლებშიც. ბავშვებისთვის კვლავ ფუფუნებაა სუფთა საპირფარეშოთი სარგებლობა და ხელის დაბანის შესაძლებლობა. ჯერ კიდევ გვაქვს სკოლები, სადაც საპირფარეშოებს საერთოდ არ აქვთ კარი, ან აქვთ კარი, რომელიც არ იკეტება.
  • არაერთი სოფლის სკოლაში არ არის ცენტრალური გათბობის სისტემა. მოსწავლეები და მასწავლებლები ზამთარში შეშის ღუმელის ანაბარი არიან დატოვებული.

სკოლებს აქვთ Საგანმანათლებლო რესურსების დეფიციტი.

  • ბევრ სკოლას არ აქვს ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, გეოგრაფიის, ბიოლოგიის კაბინეტები, სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა – გამართული პროექტორი, ეკრანი, ჭკვიანი დაფები, რაც სასწავლო პროცესს ბავშვებისთვის უფრო საინტერესოს და შედეგიანს გახდიდა.

შშმ და სსსმ მოსწავლეთა მიმართ სტიგმა ჯერ კიდევ ძლიერია სკოლებში.

  • სპეციალური მასწავლებლების გარდა, სხვა მასწავლებლების ცნობიერება ინკლუზიური განათლების საჭიროებების შესახებ საგრძნობლად დაბალია, ისევე, როგორც მშობლების. საგნის მასწავლებლები ზოგჯერ გამორიცხავენ თავიანთ როლს საერთო შედეგის მიღწევაში და შშმ/სსსმ ბავშვის განათლებაში სპეცმასწავლებელს აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას. ხშირად ინდივიდუალური სასწავლო გეგმები იწერება შაბლონურად, ზოგჯერ ისე, რომ მასწავლებელს ნანახიც არ ჰყავს მოსწავლე და არ იცნობს მის საჭიროებებს. სკოლა კმაყოფილდება იმით, რომ შშმ/სსსმ მოსწავლე სკოლაში დადის. ხელშესახები ცვლილებების მიღწევა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.

სკოლებში არ არის დამკვიდრებული მშობელთა ორგანიზებული ჩართულობის კულტურა.

  • განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მოტივირებულ მშობლებს არაადექვატურად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მოახერხონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. საკანონმდებლო მხარდაჭერის მიუხედავად, სკოლა არ განიხილავს მშობლებს, როგორც პატნიორებს. ამ დრომდე გავრცელებულია სკოლებში მშობლების „დაბარების“ პრაქტიკა. სკოლებს არ აქვთ მშობლებთან თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკა, ჩარჩო, სამოქმედო გეგმა. სკოლა არ არის მშობლებისთვის გამჭვირვალე ორგანიზაცია. მიუხედავად, არაერთი სისტემური ხარვეზისა, სკოლა არასოდეს მოუწოდებს მშობლებს, დაეხმარონ არსებული სირთულეების გადალახვაში. მშობლების მონაწილეობას აქვს ფიქტიური სახე და უმეტესად, ხასიათდება ეპიზოდური „იძულებითი“ ჩანართებით. სკოლა არ ზრუნავს მშობლების პედაგოგიზაციაზე, არ აცნობს მშობლებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზგემს, საგნობრივ სტანდარტებს, მეთოდოლოგიას, უფლებებს, შესაძლებლობებს, თანამშრომლობის წლიურ გეგმას, არ აქვს მშობლებისგან უკუკავშირის მიღების ეფექტიანი მექანიზმები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სკოლის თანამშრომლები არ არიან საკმარისად მოტივირებულნი და/ან ვერ ხედავენ მშობლებთან თანაშრომლობის შესაძლო სარგებელს, მეტიც, ცდილობენ მშობლების დისტანცირებას სკოლიდან. ამის ნათელი მაგალითია, პანდემიის შემდეგ პერიოდში მშობლებისთვის მასიურად დაწესებული აკრძალვა, რომ ისინი ბავშვების მიყვანისა და გამოყვანის მიზნითაც კი არ შევიდნენ სკოლის შენობებში. მხოლოდ ცალკეული სკოლის ცალკეული დირექტორები და მასწავლებლები ახერხებენ რეგულარულად ითანამშრომლონ მშობლებთან, წაახალისონ ის ოჯახები, რომლებიც მზად არიან თავიანთი რესურსი მოახმარონ მოსწავლეების და სკოლის განვითარებას. უმეტესად, მშობლებს უჭირთ მასწავლებლამდე ან გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე მიიტანოს საკუთარი მოსაზრება, რადგან სკოლა არ არის მზად კრიტიკული აზრის მისაღებად. ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ იმას, რომ განათლების სისტემას სრულად ქმნიან და მართავენ დაქირავებული ადამიანები, ხდება სკოლების დახურულ ინსტიტუციებად ფორმირება, რაც მშობლებს ართმევს შესაძლებლობას, ბავშვის სასიკეთოდ გამოიყენოს მისივე რესურსი და ამავე დროს, ზრდის ბავშვთა უფლებრივი მდგომაროების გაუარესების რისკს.

სკოლებში არ ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების თემატური კლუბები

  • მოსწავლეებს არ აქვთ ცოდნის და უნარების განვითარების შესაძლებლობა კლუბური მუშაობის საშუალებით (მაგ. ლიტერატურის, დებატების, დისკუსიის, IT ტექნოლოგიების, მეცნიერების, ხელოვნების კლუბები). სადაც არის დამატებითი კლუბები უმრავლეს შემთხვევაში ფასიანია და შემოიფარგლება ხატვით, ცეკვით, მუსიკითა და სპორტით.

სკოლებთან მისასვლელი გზები არ არის უსაფრთხო.

  • სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები. დღეისათვის, სკოლებთან ფეხით მისვლა არ არის უსაფრთხო. სკოლების უმეტესობასთან არ არის საბავშვო დაწესებულების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, რიგ შემთხვევებში არ არის შუქნიშანი, ზებრა და ტროტუარიც კი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცეს მანქანები იკავებენ, რის შედეგადაც იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია.

ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი სამუშაოები

  • არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ გააგრძელებს მშობლების პირისპირ კონსულტირებას, ასევე, ჯგუფურ დისკუსიებს მშობლებთან, დაინტერესებულ მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან, განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა პუბლიკაციაში ასახული აქტუალური პრობლემები აქციოს კვლევის და მსჯელობის საგნად.
  • რეაგირებისთვის და პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად 2022-2023 სასწავლო წლის პრობლემათა ნუსხა გაეგზავნება განათლების პოლიტიკის ავტორებს, საჯარო უწყენებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს; სამინისტროს რაიონულ რესურსცენტრებს; საჯარო და კერძო სკოლებს; სახალხო დამცველის აპარატს. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს; გაეროს ბავშვთა ფონდის მისიას საქართველოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. „მშობლები განათლებისთვის” მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა უწყებასთან, რომელიც პასუხისმგებელია განათლების პოლიტიკაზე საქართველოში და წარმოადგენდეს მშობლების ხმას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პუბლიკაცია მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პუბლიკაციის  შინაარსზე პასუხისმგებელია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.