არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით მოსწავლეთა მშობლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს შეხვდნენ და სისტემაში არსებული პრობლემები გაახმოვანეს. შეხვედრის მონაწილე მშობლებმა წამოჭრეს სასკოლო კვების, სკოლის შენობების გაჭიანურებული რეაბილიტაციის, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის, დასუფთავების, მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. დეტალურად აღწერეს ის სირთულეები, რასაც აწყდებიან ბავშვიანი ოჯახები და რაც საერთო ჯამში განათლების დაბალ ხარისხს განაპირობებს. საუბარი შეეხო, ასევე, ინკლუზიურ განათლებას, სკოლისა და მშობლების კომუნიკაციის დეფიციტს და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის.
ცალკეულ გამოწვევაზე სხვადასხვა სკოლის მშობლებმა ისაუბრეს და მინისტრის პასუხები მოისმინეს.
სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, მინისტრის თქმით მუშავდება ბრძანების ახალი პროექტი, რომელიც სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტით ვაჭრობას აკრძალავს და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს. ბრძანების პროექტი მშობლებს შეხვედრაზევე გადაეცათ, რომელსაც მშობლების ასოციაცია უახლოეს დღეებში შეისწავლის და სამინისტროს უკუკავშირს გაუზიარებს. მინისტრის თქმით, უახლოეს 2 თვეში ეს საკითხი გამოსწორდება. იმ სკოლებში, სადაც არ არის ბუფეტი, მათ, შორის სოფლად მდებარე სკოლებში, სამინისტრო შეისწავლის ინფრასტრუქტურას და განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობას. რაც შეეხება სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას, სამინისტრო მშობლებს დაპირდა, რომ ჩართავს სამუშაო პროცესში და გამჭვირვალეს გახდის, თუ რა მოდელები მუშავდება სახელმწიფოს მიერ. კონკრეტული თარიღი შეხვედრაზე არ დასახელებულა, თუმცა გაიჟღერა, რომ ამ საკითხს შეიძლება დასჭირდეს 1 ან 2 წელი. მშობლებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართება.
სკოლის შენობების წლობით მიმდინარე რემონტების შესახებ მინისტრმა მშობლებთან შეხვედრაზეც განაცხადა, რომ ეს პრობლემა ოპერატიულად ვერ გადაიჭრება, რის შემდეგაც მშობლებმა მოითხოვეს მთავრობისგან რამდენიმე ნაბიჯის ოპერატიულად გადადგმა. მათ შორის, სამართალდამცავი სისტემის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვეს ვადაგადაცილებულ პროექტებს; ფართო საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს სკოლების რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც აიტვირთება ვებ გვერდზე skolebi.emis.ge და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია, თუ როდის იწყება და როდის სრულდება ცალკეული სკოლის მშენებლობა. მშობლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2023 წლის ბოლოსთვის სკოლების რეაბილიტაციის გეგმა გამოქვეყნდება.
მინისტრის განცხადებით აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ფინანსთან სამინისტროსთან და სხვა საკითხებთან ერთად განიხილება სკოლის დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდის საკითხიც. მშობლების განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა როგორც სკოლის დამლაგებლების რაოდენობის, ისე მათი ხელფასების მნიშვნელოვანი გაზრდა.
კიდევ ერთი საკითხი, რაც მშობლებმა დააყენეს, ეს არის ინკლუზიური განათლების ფასადურობა. კერძოდ, საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ ძლიერ სტიგმას და მათი ასისტენტების დაბალ ანაზღაურებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მოსწავლეთა ქცევის მართვის სკოლებში არსებული პრაქტიკა და ხარვეზები. დააყენეს სკოლის თანამშრომელთა მხრიდან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემა და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის გაძლიერების აუცილებლობის საკითხი. კონკრეტული მაგალითების გაზიარებით მოხდა სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის პრაქტიკის განხილვა. საუბარი შეეხო აქტიური მშობლების დისკრიმინაციას და სამეურვეო საბჭოს ქმედუნარიანობას. მშობლებისგან გამოითქვა ინიციატივა, რომ სამეურვეო საბჭო გახდეს უფრო წარმომადგენლობითი ორგანო, რათა რეალურად შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალეობა. მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ გაგრძელდეს ამ საკითზე მუშაობა და მშობელთა ჩართულობის გასაძლიერებლად მექანიზმების დახვეწა. ამავე დროს, მშობლებს დაპირდა, რომ სკოლის დირექტორებთან თანამშრომლობის პროცესში სამინისტრო ლობირებას გაუწევს მშობელთა ჩართულობის საკითხს.
განათლების სამინისტროს მხრიდან მშობლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე. მათ ჩაინიშნეს მშობლების წამოჭრილი საკითხები და სურვილი გამოთქვეს, რომ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს რეგულარული სახე მიეცეს.
შეხვედრა დაიგეგმა მშობელთა ასოციაციის ნამდვილი წევრებისა და პროექტის “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში” მონაწილე მშობლების ინიციატივით. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.