თბილისი, 16 თებერვალი, 2023 წელი. ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც მშობლებს ციფრული უნარების გაუმჯობესებასა და ბავშვთა ინტერნეტუსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება.

საქართველოში ბაღის აღსაზრდელების და სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად იცნობენ ინტერნეტის შესაძლებლობებსა და ციფრულ სამყაროში არსებულ საფრთხეებს. ეს ხელს უშლით სწორად მართონ აღზრდის პროცესში გაჩენილი „გაჯეტებთან“ დაკავშირებული სირთულეები, როგორიც არის ეკრანდამოკიდებულება, ასაკისთვის შეუფერებელი ვიდეო თამაშები, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული საფრთხეები, არასასურველ შინაარსებზე ბავშვების წვდომა და კიბერუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის 3 რეგიონიდან 180 მოხალისე მშობელი, 6 სკოლა და 6 საბავშო ბაღი შეირჩევა, სადაც ფსიქოლოგები და ინტერნეტ უსაფრთხოების სპეციალისტები საგანგებოდ მშობლებისთვის შექმნილ სასწავლო კურსებს ჩაატარებენ.  მოხალისე მშობლები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეისწავლიან, რაც მათ დაეხმარებათ რაციონალურად გამოიყენონ  ინტერნეტის შესაძლებლობები თავიათი შვილების კეთილდღეობისთვის. მონაწილეთა შორის ყველაზე დაინტერესებული და აქტიური მშობლები დამატებით ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ისინი ტრენინგის ჩატარების ტაქტიკებს შეისწავლიან, რათა პროექტში მიღებული ცოდნა სხვა მშობლებსაც გაუზიარონ.

მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ თბილისში, ბოლნისსა და გორში არსებული საბავშვო ბაღები და სკოლები, რომელთა მშობლებსაც ექნებათ მაღალი მოტივაცია, შეხვდნენ დარგის წამყვან სპეციალისტებს და გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა ციფრული წიგნიერების მიმართულებით. სამოტივაციო წერილების მიღება წარმოებს 25 თებერვლამდე ელ. ფოსტით, მისამართზე georgianp4e@gmail.com

პარალელურ რეჟიმში სოციალურ ქსელ Facebook-ზე მშობელთა ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე (https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis) და YOUTUBE არხზე (https://www.youtube.com/channel/UCcKSUrYc9WFdOXfwsAe4GQg) გაიმართება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მშობელთა ფართო აუდიტორიის ინფორმირებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც პირისპირ ტრენინგების დროს გაჟღერდება.

„მშობლების ციფრული განათლების პროექტი“ (DEAP) ხორციელდება „DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევის“ ფარგლებში, კორპორაცია Luminate-ის ფინანასური მხარდაჭერით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნუცა გოგუაძე, პროექტის მენეჯერი, DEAP – Digital Education and Awareness of Parents

Tel: 592 03 76 65; E-mail: nutsa.geo@gmail.com 

 მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისათვის
Tel: 599 74 07 50  E-mail: georgianp4e@gmail.com