თბილისი, 2023 წლის 13 თებერვალი არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ გრძელდება, რომლის მიზანიც მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის  მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებაა.

პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსები უკვე ჩატარდა საგარეჯოს რაიონის სკოლებში, რასაც ჯამში 105 წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, 45 მოსწავლე, ამდენივე მშობელი და 15 მასწავლებელი. მომდევნო თვეების განმავლობაში ტრენინგები გურჯაანისა და დედოფლისწყაროს  6 საჯარო სკოლაში გაიმართება და დამატებით სხვადასხვა ასაკის 210 პირი გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობისთვის სკოლები ღია კონკურსის წესით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევა. გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მდებარე დაინტერესებულ სკოლებიდან სამოტივაციო წერილების მიღება წარმოებს 25 თებერვლამდე ელ. ფოსტით, მისამართზე georgianp4e@gmail.com

პროექტი სასკოლო საზოგადოებას ეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის და დეზინფორმაცია-პროპაგანდის მავნე გავლენის გააზრებაში. მონაწილეები შეისწავლიან ტროლების, ბოტების, ყალბი ვებგვერდების ამოცნობას და დამაზიანებელი, არასანდო ინფორმაციის გარჩევას; სიღრმისეულად  ეცნობიან დემოკრატიის კომპეტენციებს, ქართული და ევროპული კულტურის თავსებადობას და სწავლობენ  არაკეთილსინდისიერი ჯგუფების მიერ წარმოებული პროპაგანდის იდენტიფიცირებას.

ტრენინგების პარალელურად სოციალურ ქსელში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უკვე 4000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. მომავალ თვეებში კამპანიას კახეთის რეგიონული მედიაც შეუერთდება. სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის კი კრეატიული და მრავალფეროვანი მულტიმედია მასალები შექმნა გაგრძელდება.

საქართველოში რუსული დეზინფორმაციის კამპანია მზარდია, ხოლო ნარატივი იმგვარად არის შემუშავებული, რომ შესუსტდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და უსაფრთხოება. ანტიდასავლური  პროპაგანდა  მიზანმიმართულობითა და

 

 

სისტემატურობით ხასიათდება, რაც აახლოებს მას მიზანთან – მოახდინოს მავნე გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ ამ გამოწვევის პასუხად შეიქმნა და მიზნად ისახავს მტრულად განწყობილი ჯგუფების პროპაგანდის გავლენის შემცირებას კახეთში.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“

ტელ: 599 74 07 50 ელ. ფოსტა:  georgianp4e@gmail.com   www.mshobeltaskola.ge