ვიდრე კვლავ დავდგებით ბაღებისა და სკოლების დახურვის საჭიროების წინაშე, გვინდა ამ წერილით გაგაცნოთ მშობლების ერთი ნაწილის აზრი სააღმზრდელო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს  შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, მშობლებს მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების გახსნის პარალელურად მთავრობის ყურადღების ეპიცენტრში უნდა იყოს covid-19-თან  დაკავშირებული რისკების მართვა და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.

მშობლებისთვის ბუნდოვანია, რა მოტივით თქვა უარი ხელისუფლებამ დაწესებული კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. კერძოდ, დადებითობის მაჩვენებლის 4%-იან ზღვარსა, პედაგოგებში ვაქცინაციის 80%-იან ნიშნულ და დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებაზე რეგიონულ ჭრილში. პროცესის გაუმჭვირვალობა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არათანმიმდევრულია.

კოვიდსტატისტიკის ზრდის ფონზე უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა შევუნარჩუნოთ ბავშვებს უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში განვითარების შესაძლებლობა.

ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში, რათა შევძლოთ პანდემიის დამარცხება.
  2. მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გადახედვა, გაანალიზება – რამდენად შეუძლიათ ბაღებსა და სკოლებს დაწესებული რეგულაციების დაცვა. სახელმწიფო დაეხმაროს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღებული დასკვნების შესაბამისად.
  3. ბაღებსა და სკოლებში შემუშავდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგის მექანიზმები, მათ შორის მშობლების მონაწილეობით. რათა გაიზარდოს ნდობა და გაუმჯობესდეს თანამშრომლობის ხარისხი დაწესებულებასა და ოჯახს შორის.
  4. ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყოს სავალდებულო ტესტირება ბავშვზე მორგებული მეთოდების გამოყენებით.
  5. დადგინდეს კონკრეტული პარამეტრი, თუ რა ფართის საკლასო ოთახში რამდენი მოსწავლის ყოფნაა დასაშვები ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვებს შორის უსაფრთხო ფიზიკური დისტანციის დაცვა.
  6. სახელმწიფომ გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად. ეს ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კლასში დასწრებული სწავლების დროს ფიზიკური დისტანციის დასაცავად, ისე  დისტანციურად სწავლის დროს.
  7. გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან მუშაობისთვის, რათა ბაღები და სკოლები ეფექტიანად გაუმკლავდნენ ხანგრძლივი კარჩაკეტილობის შემდეგ მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს ბავშვებში.

ამასთან, კიდევ ერთხელ, მშობლები დღის წესრიგში ვაყენებთ სახელმწიფოს სამზადისს covid 19 ვირუსის შემდეგი ტალღისთვის, რათა პანდემიის მიუხედავად დავასრულოთ ფორსმაჟორში ცხოვრება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე არ შემუშავებულა გეგმა, როგორ გაგრძელდება სწავლის პროცესი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში.

ვშიშობთ, ვაქცინაციის შემცირებული ტემპის და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის  ზრდის ფონზე არ განმეორდეს გასული სასწავლო წლის სცენარი და ვირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში, კვლავ ბაღებისა და სკოლების დაკეტვის აუცილებლობის წინაშე არ დავდგეთ. რისი ინიციატორებიც აუცილებლად ვიქნებით მშობლები, თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბაღებსა და სკოლებში უსაფრთხოების ზომების მკაცრ დაცვას.

ხელისუფლებისგან კვლავ ვითხოვთ ახალ რეალობასთან ადაპტირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.

  1. მთავრობამ დანერგოს დიფერენცირებული მიდგომები ბაღებსა და სკოლებში – თითოეულმა ბაღმა და სკოლამ ინდივიდუალურად შეიმუშაონ და განათლების სამინისტროს/ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინონ გეგმები, რათა ვურუსით ინფიცირების მატების შემთხვევაში გვქონდეს ალტერნატიული გეგმა ნაცვლად სრულად ჩაკეტვისა. დიფერენცირებული მიდგომის მიზანი უნდა იყოს, ბაღებმა და სკოლებმა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ორგანიზება გაუკეთონ უსაფრთხო ღია სივრცეებში რეგულარულ გასვლით გაკვეთილებს/განმავითარებელ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვთა სოციალიზაციის პროცესს. რაც იქნება იმის გარანტი, რომ ბავშვებს მიეცემათ თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კიდევ უფრო უსაფრთხო სივრცეში.
  2. სახელმწიფომ შეამციროს ციფრული უთანასწორობა– იზრუნოს ბავშვებზე, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ხარისხიან ინტერნეტზე.
  3. შემუშავდეს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული სტრატეგიები,იმ შემთხვევებისთვის, თუ კვლავ მოგვიწევს შერეული მეთოდით სწავლა. რაც გულისხმობს აქცენტის გაზრდას ასინქრონულ სწავლებაზე და სინქრონული სწავლების პროცესის დახვეწას; სწავლის პროცესში კოგნიტური დატვირთვის,  ასევე, სწავლის სოციალური და ემოციური ასპექტის გათვალისწინებას.

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ აღნიშნული წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართა.

ტექსტი შემუშავებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ წევრების მიერ, საინიციატივო ჯგუფის წევრ მშობლებთან კონსულტაციების შედეგად.