არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშობლები განათლებისთვის“ მშობლების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც შეისწავლის საშინაო დავალების გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე. მშობელთა სამუშაო ჯგუფის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა საშინაო დავალებასთან მიმართებაში სამართლებრივ აქტებში ცვლილებების ინიცირება და მშობელთა ცნობიერების ამაღლება.
ჯგუფის შექმნის საფუძველი გახდა მშობელთა მაღალი ინტერესი საშინაო დავალების მიმართ. მშობლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი მოცულობის, ერთფეროვანი საშინაო დავალება ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და იწვევს მოსწავლეთა დემოტივაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალების დოზა უნდა იყოს გონივრული და ბავშვის შესაძლებლობებს მორგებული.
აღსანიშნავია, რომ საშინაო დავალების შინაარსის, ფორმის და მოცულობის ზოგადი სტანდარტი არ არსებობს, პედაგოგები თავად განსაზღვრავენ საშინაო დავალების შინაარსს, ფორმასა და მოცულობას; ან ეყრდნობიან განათლების ექსპერტების რეკომენდაციებს. იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაა სკოლებში, რამდენ საგანში აქვთ ბავშვებს ყოველდღიურად საშინაო დავალება შესასრულებელი, რამდენ დროს ხარჯავენ სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეები სახლში მიცემული დავალების შესრულებაზე, ვინ ეხმარება მათ დავალების შესრულებაში, როგორ პირობებში უწევთ მეცადინეობა, როგორი განწყობით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და რჩებათ თუ არა თავისუფალი დრო, მშობელთა ასოციაციამ დაიწყო საკითხის ჩაღრმავებული შესწავლა, რისთვისაც გამოიყენებს კვლევის მექანიზმებს.
კვლევა ტარდება ქვეყნის მასშტაბით 9 რეგიონში. თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, სამცხესა და კახეთში. კვლევის პირველ ეტაპზე ანონიმურად გამოიკითხება 300 მოსწავლის მშობელი, მათ შორის, 100 დაწყებითი საფეხურიდან, 100 – საბაზო და 100 საშუალო საფეხურიდან. დაცულია გენდერული ბალანსი. გამოკითხული პირებიდან 50% მოსწავლე ბიჭის მშობელია, ხოლო ამდენივე – გოგონასი.
„ჩვენი კვლევის მიზანია, შევისწავლოთ მშობლების დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ, რაც დაგვეხმარება დავგეგმოთ შემდეგი აქტივობები. შესაძლებელია, მშობელთა გამოკითხვის გაანალიზების შემდეგ მოხდეს კვლევის არეალის გაფართოება და ჩატარდეს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და დარგის სპეციალისტთა ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. ამჟამად სამუშაო ჯგუფის ინტერესის საგანია მშობელთა აზრის, დამოკიდებულების და მონაწილეობის ხარისხის შესწავლა.“ – აცხადებენ ორგანიზაციაში „მშობლები განათლებისთვის“.
კვლევა ტარდება ორგანიზაციის მუნიციპალური კოორდინატორების უშუალო მონაწილეობით და პარტნიორი სკოლის დირექტორების ხელშეწყობით. ორგანიზაციის გამგეობა მადლობას უხდის მათ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაცია აპრილის ბოლოს გაიმართება.