ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდამჭერებთან შეხვედრებს აგრძელებს.  ამჯერად, ასოციაციის დამფუძნებლებთან დიალოგი მხარდამჭერების ინიციატივით შედგა. მშობლებმა სკოლასთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითების განხილვის პარალელურად, პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე იმსჯელეს.

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს გაიცნოს და შეისწავლოს სხვა მშობლების გამოცდილება. ამ მიზნით სექტემბერში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები რუსთავსა და თბილისში, სადაც განხილული იქნება სასკოლო გამოწვევები როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. 

აქვე, გთავაზობთ მშობლების მიერ მონათხრობ რამდენიმე ისტორიას:

„დამრიგებელთან ყველა მოსწავლეს პრობლემა აქვს. მასწავლებელი ბავშვებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. ეძახის „მუტრუკებს“, „სოფლის დედაკაცებს“ და სხვა უარყოფითი შინაარსის მატარებელ ფრაზებს. ამის და სხვა მიზეზების გამო მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ბავშვები მე-8 კლასში არიან. არ სწავლობენ დამრიგებლის საგანს და უცხადებენ უნდობლობას. მასწავლებელი და მშობლების ნაწილი პრობლემას არ აღიარებს. მათ ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ, პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის არსებული უთანხმოება. თავის მხრივ, მასწავლებელი მშობლებს აბრალებს ბავშვების „გაუზრდელობას“ და გამუდმებით ითხოვს მშობლებისგან, დაარიგონ შვილები, რომ პატივი სცენ პედაგოგს. სასწავლო წლის ბოლოს დირექტორი საქმის კურსში ჩავაყენეთ. ვნახოთ რა ცვლილებებს გაატარებს დირექცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის გადაყვანა მომიწევს“.

„ჩემი გოგონა 12 წლისაა. კარგად სწავლობს, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ სკოლა არ უყვარს. ეჯავრება სკოლაში წასვლა. მიზეზი ბევრია, მათ შორის ურთიერთობები უფროსებთან. მაგალითად, მას არ აძლევენ უფლებას აზრის გამოთქმის. მით უფრო, თუ ეს აზრი განსხვავებულია.“

„10 წლის ბიჭი მყავს. მოტივირებული ბავშვია. კარგად სწავლობს. ახალ სკოლაში მოგვიხდა გადასვლა, სადაც მასწავლებელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – მთელი კლასის თვალწინ თავში ჩაარტყა გაშლილი ხელი. მე ეს ამბავი მხოლოდ მეორე დღეს გავიგე. შვილის კლასელისგან. ჩემი შვილი განადგურებული იყო. ხმას არ იღებდა. შეურაცხყოფისგან ბავშვმა ძალა დაკარგა. მეორე დღესვე მივედი სკოლაში და ბოდიშის მოხდა მოვითხოვე. ამან კიდევ უფრო გაართულა საქმე. მასწავლებელმა ბოდიში მოუხადა, მაგრამ ხმამაღლა გამოუცხადა, რომ სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით, ეს მისი შვილი აღარ იქნებოდა, რადგან სკოლის ამბავი სახლში მიიტანა. ასე ვქვათ, „გარიცხა ოჯახიდან“, დარაზმა მის წინააღმდეგ მთელი კლასი. აუმხედრა ბავშვები. იძულებული გავხდი, უსაფრთხოებისთვის ბავშვი სხვა სკოლაში გადამეყვანა.“