არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ სკოლებს მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში ეხმარება. ამჟამად მუშაობა სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. პროექტში ჩართულია თბილისის 94-ე, ხაშურის პირველი და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარას საჯარო სკოლები. Online სამუშაო სივრცეში ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული მონაწილე სკოლების მოსწავლეთა მშობლები, ადმინისტრაცია და მასწავლებლები.

პროექტის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების თანამშრომლობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმები მუშავდება, რომელიც სკოლების ინდივიდუალურ თავისებურებებს და საჭიროებებს იქნება მორგებული. სამოქმედო გეგმაში აისახება თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები და აქტივობები სამი მიმართულებით: მშობელთა ფსიქოლოგიური და პედაგოგიური განათლება; მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში; მშობელთა მონაწილეობა სკოლის მართვაში.

სამუშაო შეხვედრების დაწყებამდე მონაწილე სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა გაიარეს სასწავლო კურსი „მშობელთა ჩართულობა სკოლაში“. კურსის მონაწილეებს გადაეცათ ამავე სახელწოდების სახელმძღვანელობიც.

პროექტი „სკოლებში მონაწილეობითი მართვის მხარდაჭერა“ კონრად ადენაუერის ფონდის თანადგომით მიმდინარეობს.

 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!