არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ საქართველოს სკოლებში მონაწილეობითი მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის თანადგომით მიმდინარეობს.

გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებულმა „მშობელთა ჩართულობის პრაქტიკის კვლევამ“ აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო სკოლები მკაცრად ცენტრალიზებული ვერტიკალით იმართება; კანონმდებლობა სკოლების მონაწილეობით მართვას მოითხოვს და მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პრაქტიკაში სკოლების მართვაში მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობას ფიქტიური ხასიათი აქვს, ხოლო სხვა საკითხებში მშობელთა ჩართულობა არასისტემურობით და ფრაგმენტულობით გამოირჩევა. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლებმა და სკოლის თანამშრომლებმა არ იციან მშობელთა უფლებების შესახებ. სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობები უპირატესად დამოკიდებულია სკოლის დირექტორის ან კლასის დამრიგებლის მოტივაციაზე, პიროვნულ თვისებებსა და კომპეტენციაზე; მშობელთა რეალური ჩართულობა და ინიციატივები სკოლის ცხოვრებაში შეზღუდულია, მეტიც მათი აქტივობა ნეგატიურად აღიქმება სკოლების მხრიდან;

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელ. სახელმძღვანელო სკოლებისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის, რომელიც მიზნობრივ აუდიტორიას სთავაზობს განვითარებული ქვეყნების კარგი პრაქტიკის ადაპტირებას ქართულ რეალობასთან.

ამჟამად, პროექტი ორ პარალელურ ეტაპად განხორციელდება. ერთი მხრივ, განათლების ექსპერტები მიზნობრივ სკოლებთან იმუშავებენ, ჩაატარებენ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს. მეორე მხრივ კი, სოციალურ მედია ფეისბუკზე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გაიმართება, რაც დაინტერესებული საზოგადოებისთვის თვალსაჩინოს გახდის სკოლებში მშობელთა ჩართულობის აქამდე ბუნდოვან საკითხებს. შემდეგი 5 თვის განმავლობაში მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ უფასო ვებინარებში, ისარგებლონ სხვადასხვა მულტიმედია მასალებით და მონაწილეობა მიიღონ ამავე თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიებში.

პროექტის შედეგად, 3 საჯარო სკოლას  შესაძლებლობა ექნება დანერგოს მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც განათლების სპეციალისტების დახმარებით შექმნის. ხოლო ფართო საზოგადოება გაეცნობა საქართველოში მშობელთა ჩართულობის  თვალსაზრისით ამჟამინდელ მდგომარეობას, განვითარებული ქვეყნების კარგ პრაქტიკას და ქართულ რეალობასთან ადაპტირებულ მეთოდებს, თუ როგორ გაზარდონ სკოლაში მშობელთა ჩართულობა.