არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ მშობელთა ციფრული სკოლა შექმნა. ვებგვერდი www.mshobeltaskola.ge კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობლებს შვილის აღზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის და ცოდნის დეფიციტის შევსებაში.

მშობელთა ციფრული სკოლა დაეხმარება ყველა დაინტერესებულ მშობელს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიძინონ მხარდამჭერი და მზრუნველი მშობლის კომპეტენცია, შეძლონ თავდაჯერებულად, დამოუკიდებლად და რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი და დაეხმარონ მათ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული ადამიანები.

ციფრული სკოლა პირველ ეტაპზე მოიცავს ვიდეო ბლოგებს, ვებინარებს, სტატიებსა და ანიმაციებს, სადაც მშობლების რეალური ცხოვრების ამსახველი სიტუაციების აღწერა-გაანალიზება ხდება. ამ დროისათვის ვებგვერდი უკვე დატვირთულია 20-მდე აქტუალური თემით, როგორიცაა, მოზარდობის სირთულეების გადაჭრა, მშობლის როლი ონლაინ სწავლების დროს, პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევის შესაძლებლობები, პერსონალური მონაცემებების დაცვის რეკომენდაციები და სხვა საკითხები. ციფრული ფორმატის შესაბამისად, ინფორმაცია გადმოცემულია მოკლედ, სხარტად, კრეატიული ინსტრუმენტებით.

შემდგომ ეტაპებზე ციფრულ სკოლას დაემატება მშობელთა დისტანციური კურსები, ელექტრონული ჟურნალი, მშობელთა Online ქოუჩინგი და სხვა სერვისები. მანამდე კი, სექტემბრიდან, მშობელთა პირისპირ ტრენინგები განახლდება.

ციფრული სკოლით სარგებლობა რეკომენდირებულია 0-დან 18 წლამდე ბავშვების მშობლებისთვის.