„მშობლები განათლებისთვის“ რეგიონულ ტურს ატარებს

ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ტურს ატარებს, რომელიც კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

რეგიონული ტურის მიზანი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მშობელთა საჭიროებების შესწავლაა.

საინფორმაციო გაცნობითი შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერ მსურველს აქვს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

შეხვედრები უკვე ჩატარდა თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, სიღნაღში, წნორში, ხაშურსა და ახალციხეში. ორგანიზაციის გუნდის წევრები 1000-ზე მეტ მშობელს შეხვდნენ და მათი აზრი მოისმინეს ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიც არის სკოლაში ბავშვის უსაფრთხოება, ბულინგი, მოსწავლეთა შეფასების სისტემის ხარვეზები, სკოლისა და მშობლის ურთიერთობა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სიღნაღში, წნორში და ხაშურში შეხვედრა ადგილობრივი მშობლების ინიციატივით და ორგანიზებით შედგა.

„რეგიონებში ჩვენს ჩასვლას სკოლის მოსწავლეთა მშობლებში პოზიტიური რეზონანსი მოჰყვა. გაჩნდა იმედი, რომ მათ უსმენენ, მათი ხმა ისმის, მათი სათქმელი საინტერესოა. ყოველდღიურ რეჟიმში გვწერენ და ითხოვენ მეტ აქტივობას, შეხვედრების და დისკუსიის პერმანენტულ რეჟიმში ორგანიზებას. გვიყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ, რაც სამწუხაროდ ბევრზე ბევრი დაგროვდა. საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მშობელს სტატეგიულ პარტნიორად არ აღიქვამს. სკოლისა და მშობლების ურთიერთობა ნეგატიურ კონტექსტში მიმდინარეობს. მასწავლებლებსა და მშობლებს, ისევე როგორც სკოლის დირექციასა და მშობლებს უჭირთ სწორი კომუნიკაცია. ხშირად აქვთ უსიამოვნებები. რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის სკოლისად

 

მი დამოკიდებულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. მშობლებს სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება, რადგან ბევრმა მათგანმა არ იცის თავისი უფლებების შესახებ. ხშირად მშობლებს ადანაშაულებენ, რომ მათ არ აინტერესებთ სასკოლო ცხოვრება, სინამდვილეში მათ არ იციან, როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში ან ერიდებიან „ინტრიგანი“ მშობლის იარლიყს, რომელიც, როგორც წესი, მზად არის ინიციატივიანი მშობლებისთვის. ასეთ გარემოში, ცხადია მშობელს სკოლაში არ მიუხარია და არც ღიად საუბარი ეხალისება. ჩვენ გვსურდა დაგვენგრია სტერეოტიპი, რომ მშობლები სკოლაში პრობლემებზე არ ლაპარაკობენ, ამიტომ შეხვედრების ადგილად სკოლის შენობები ავირჩიეთ, სადაც მასწავლებლებთან და დირექციასთან ერთად განვიხილავთ სასკოლო განათლების აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს. დიდი იმედი გვაქვს რომ სკოლებსა და მშობლებს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება უამრავი პრობლების მოგვარების წინაპირობა გახდება.“ – აცხადებს ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი.

რეგიონული ტურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები მიმდინარე სასწავლო წლიდან განახლდება და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართება.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *