ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით მშობელთა ქმედითი ქსელის შექმნას იწყებს. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ორგანიზაციის მუნიციპალური კოორდინატორები, რომელთა საშუალებით ორგანიზაცია რეგიონებთან კავშირს გაამყარებს.

პირველ ეტაპზე მუნიციპალური კოოდინატორები შეირჩევიან ხაშურში, თელავში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების მონაწილეთა შორის. მომავალი წლიდან კი კოორდინატორთა ქსელი სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

კოორდინატორი მოვალეობის შესრულება მოხალისეობრივი საქმიანობაა, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მოსწავლეთა და აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

ორგანიზაცია უფლებამოსილია წარადგინოს და გაასაჯაროვოს მუნიციპალური კოორდინატორების ვინაობა; სწრაფი რეაგირება მოახდინოს და ხელი შეუწყოს მუნიცილურ კოორდინატორს საქმიანობის განხორციელებაში; მიაწოდოს მას საჭირო მასალები და უზრუნველყოს მისი გადამზადება.

მუნიციპალური კოორდინატორობის მსურველს ორგანიზაცია შესაძლებლობას მისცემს და დაეხმარება:

  • გაიაროს ტრენინგები და აიმაღლოს ცნობიერება სკოლასთან კომუნიკაციის, მშობელთა უფლებების, მშობელთა შესაძლებლობების და ბულინგთან გამკლავების შესახებ;
  • ორგანიზაციის სახელით, მუნიციპლიტეტის სკოლებში სხვა მშობლებთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის გამიზნული პროექტები;
  • ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაეხმაროს მშობლებს, რომელთა შვილებსაც სკოლებში პრობლემები შეექმნებათ;
  • აქტიური მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ მის სამუშაო არეალში დაგეგმილ პროექტებში;
  • გახდეს ორგანიზაციის ნამდვილი წევრი.

მუნიციპალური კოორდინატორი ვალდებულია:

  • დაიცვას ასოციაციის ეთიკის კოდექსი;
  • არ დაგეგმოს და არ განახორციელოს აქტივობა ორგანიზაციის გამგეობასთან შეუთანხმებლად;
  • აქტიური სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია იქონიოს ორგანიზაციის გამგეობასთან;
  • იყოს ორგანიზაციის მხარდამჭერი ან ნამდვილი წევრი.

კოორდინატორობის მსურველებმა ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე georgianp4e@gmail.com ან ამავე ვებგვერდზე მითითებულ განყოფილების – “მოგვწერეთ” საშუალებით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი, რომელშიც განმარტავენ რატომ სურთ აღნიშნული მოხალისეობრივი საქმიანობა და რას გააკეთებენ რეგიონებში ორგანიზაციის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გაათავისუფლოს პირი კოორდინატორის მოვალეობის შესრულებისგან.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური კოორდინატორების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, დაფინანსებულია კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველოს” მიერ.