მშობლობა იზოლაციაში

 

მეხუთე კვირაა სახლში ვართ!

დედა, მამა და ორი შვილი. 11 წლის კესო და 5 წლის კატო.

მსოფლიო პანდემიის პირობებში ცხოვრების გამოცდილება არავის გვაქვს. ადამიანები ყველა კონტინენტზე ბუნებრივად დავიბენით, შეგვეშინდა და ყველა ჩვენებურად ვცდილობთ თავის გატანას ამ უჩვეულო დროში.

სახლებში იზოლაციის და კარჩაკეტილი ცხოვრების პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ის მშობლები ვართ, ვისაც მცირეწლოვანი შვილი გვყავს. ობიექტურად რომ შევხედოთ, პანდემიით გამოწვეული შფოთი და პასუხისმგებლობა ზუსტად იმდენჯერ მეტი გვაქვს, რამდენ ბავშვსაც ვზრდით. ჯაფაც უფრო მეტი გვადგება, საკვები და სასუსნავიც უფრო დიდი რაოდენობით გვაქვს მოსამარაგებელ-მოსამზადებელი, ყურადღებაც უფრო ბევრი მიმართულებით გვაქვს მისაქცევი და რეკომენდირებული ჰიგიენის ნორმების დაცვაც კიდეც უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს ჩვენთვის, რადგან მეტი დრო, ენერგია და დეფიციტური სადეზინფექციო მასალა გვჭირდება მიზნის მისაღწევად.

ვაღიაროთ, რომ მშობლებისთვის კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი გამოწვევა ბავშვების სახლში გაჩერებაა. გაჩერება პირობითად, ამ სიტყვის მიღმა უფრო ბავშვების გართობას და დაინტერესებას მოვიაზრებ.

არაერთი ფსიქოლოგი, პედაგოგი თუ სხვა პროფესიონალი გვესაუბრება შვილებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე, გვიზიარებს სახალისო აქტივობების ჩამონათვალს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ სახლის პირობებში და იმასაც აღწერენ, ესა თუ ის თამაში ბავშვებს რომელ უნარებს უვითარებს. შეუნარჩუნეთ რეჟიმი, ერთად შეადგინეთ შემდეგი დღის გეგმა, უყურეთ ფილმს, დახატეთ, გამოძერწეთ, სახლის პირობებში საბავშო წიგნები შექმენით, ერთად ივარჯიშეთ, ოთახში ქოხები ააშენეთ, უკაცრიელ ადგილებში სუფთა ჰაერზე ისეირნეთ, არ გამოავლინოთ შიშები, თავი შეიკავეთ ბავშვებთან პანიკის გამოხატვისგან ა.შ. რჩევების და რეკომენდაციების ჩამონათვალი უსასრულოა. სოციალური ქსელიც აჭრელებულია მშობლების გაზიარებული ფოტო და ვიდეო მასალებით, სადაც ბევრი მათგანი ცდილობს სხვებს გაუზიაროს შვილთან თუ შვილებთან ერთად შემოქმედებითი გართობის უნაკლო  შედეგი.

ცხადია, აქტივობების ინსტრუქტაჟის და გამოცდილების გაზიარება კარგია, მაგრამ მე სულ იმ მშობლებზე მეფიქრება, რომლებც სხვადასხვა მიზეზების გამო არ არიან უპირატეს  მდგოამრეობაში და ეს არაფორმალური კამპანია ერთგვარ კომპლექსს უჩენს. ნუთუ რაიმეს ისე ვერ  ვაკეთებ? ნუთუ, ცუდი მშობელი ვარ? ნუთუ მე არ შემიძლია, ვაკეთო ის, რასაც სხვა მშობლები აკეთებენ? ალბათ, ჩემს შვილებს არ გაუამრთლათ, რადგან მე სხვაზე უარესი ვარ! ეს ფიქრები ათასობით მშობლის თავში ტრიალებს და კიდევ უფრო ურთულებს ისედაც გაღიზიანებულ ემოციურ ველს.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი მგონია, იმის აღიარება, რომ დღეს ჩვენ ყველას გვიჭირს და ისე ვიგერიებთ ყელში მოწოლილ ემოციებს, როგორც გამოგვდის.

რას ვაკეთებ მე?

  • ვაღიარებ, რომ ვარ უჩვეულო მდგომარეობაში. ვირუსმა ჩემგან დამოუკიდებლად ჩემი ცხოვრების სტილი თავდაყირა დააყენა და მე უძლური ვარ.
  • ვარ გულწრფელი ჩემს თავთან და შვილებთან. მართალია, მშობელი შვილის ქცევითი მოდელია და ჩვენი ემოციებით გავლენას ვახდენთ შვილების ემოციურ მდგომარეობაზე, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ სტრესში მყოფი ყოველთვის მშვიდი, თავდაჯერებული და გაწონასწორებული ვერ არის. ბავშვებს გულწრფელად ავუხსენი, რომ უჩვეულო მდგომარეობის გამო, შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და არ გაუკვირდეთ. დამჭირდება მათი დახმარება, როგორც ემოციურად, ისე საოჯახო საქმეებში.
  • არასოდეს ვტოვებ ბავშვების შეკითხვებს უპასუხოდ. რატომ ვართ სახლში, რა არის კორონა ვირუსი? დღეს რამდენი ახალი შემთხვევაა? ჩვენს ფანჯრებთან მდებარე კლინიკაში ხომ არ არიან ინფიცირებული ადამიანები? და ა.შ. თითოეულ ბავშვს იმდენი ინფორმაცია სჭირდება, რამდენ შეკითხვასაც გვისვამს, ამიტომ, არასოდეს ვუკეთებ მათ შეკითხვებს იგნორირებას.
  • არ ვთამაშობ რემბოს როლს. ვაღიარებ, რომ მეშინია; ერთხელ, ბავშვების თვალისგან მოშორებით, ვიტირე კიდეც. სრულიად უმიზეზოდ, თუმცა მოჭარბებული ემოციებისგან დაცლა ძალიან მჭირდებოდა. ამიტომ ჩემს თავს უფლება მივეცი თავი არ შეეკავებინა და ეტირა, იმიტომ რომ ეტირებოდა.
  • ფსიქოლოგების რეკომენდაციით, შვილებთან ერთად ვადგენ შემდეგი დღის გეგმას, რომელშიც ყველას ინტერესია დაცული. როგორც ბავშვის, ასევე მშობლების. დაგეგმვის პროცესი გვეხმარება, მეტი მნიშვნელობა შევძინოთ მომდევნო დღეს და ვიყოთ მეტად პროდუქტიულები. მათ შორის, დავგეგმოთ ისიც, თუ არაფრის კეთებას ვაპირებთ. გეგმას მაცივარზე ვაკრავთ და აუცილებლად მივყვებით. დღის ბოლოს გეგმას  ვაჯამებთ. ამ დროს ჩვენი ხასიათი უმჯობესდება. რადგან ვრწმუნდებით, რომ ეს დღე შედეგიანად გაგვიტარებია.
  • მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ვთამაშობთ ყოველდღიურად. ყოველი დღის გეგმა მოიცავს მშობლებისა და შვილების ერთად თამაშის კომპონენტს. ეს ზოგჯერ დიდხანს გრძელდება, მაგალითად რამდენიმე საათს, ზოგჯერ, მხოლოდ რამდენიმე წუთს. ვაღაირებ, რომ ყოველთვის თამაშის ხასიათზე არ ვარ და არც მცალია. ნებისმიერი ჩემი ქმედება, რომელსაც იძულებით ვაკეთებ, ბუმერანგივით უკან მიბრუნდება. არ მინდა დავემსგავსო იმ მშობლებს, რომლებიც შვილების გამო პირად ცხოვრებას სწირავენ და შემდეგ შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამიტომ ორნი ვინაწილებთ ამ საქმეს.
  • მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვინაწილებთ საოჯახო საქმეებს და ბავშვების აღზრდას. რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ დავინახავთ, რომ ერთი ადამიანის ძალებს აღემატება დღის განმავლობაში იზრუნოს შვილებზე, სახლის ჰიგიენაზე, სამოსის მოწესრიგებაზე, ოჯახის წევრების საუზმე-სადილ-ვახშმით უზრუნველყოფაზე,  სამსახურის საქმეზე და ბავშვებთან ერთად გართობა-დასვენებაზე. ამიტომ არ ვთამაშობ, იდეალური დედის როლს და არ ვაკეთებ, იმაზე მეტს, ვიდრე ჩემს თავზე შეიძლება ავიღო. თუ ჩვენი მონდომების მიუხედავად, რაიმე რჩება გაკეთებელი, დარჩეს.
  • ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. ჩემთვის თვითგადარჩენის საუკეთესო საშუალებაა, ვაკეთო ის რაც მეხალისება. აი, ახლა, თქვენ რომელ წერილსაც კითხულობთ, ჩემთვის ამის წერა ერთგვარი თერაპიაა. რაოდენ უსარგებლო საქმეც უნდა იყოს ეს, სჯობს ცოტა დრო მაინც დავუთმო საკუთარი სურვილების რეალიზებას. ეს იმის გარანტიაა, რომ ქმარი და შვილები ბედნიერ ცოლს და დედას დაინახავენ.
  • ბავშვებს ვაძლევ უფლებას, იმაზე დიდხანს იყვნენ ეკრანებთან, ვიდრე ადრე. ის, რომ ბავშვები ერთი შეხედვით ნაკლებად განიცდიან პანდემიით გამოწვეულ შიშს, შესაძლოა იმის დამსახურება იყოს, რომ ისინი გადართულნი არიან ანიმაციური ფილმების ყურებაზე და კომპიუტერულ თამაშებზე. ამის გარდა, tik tok, რომელიც მუდმივად მაღიზიანებდა, ახლა შემიყვარდა. სახალისო ცეკვა ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დღე ეკრანთან ჯდომა მართებულად მიმაჩნია, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა, ეს საშუალება რომ არ გვქონდეს ახლა.
  • საღამოობით მეგობრებთან ონლაინ შეხვედრებს ვმართავ. ბავშვობის მეგობრები თუ ადამიანები, ვისაც ხშირად ვხვდებოდი, ან ისინი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ერთად ყოფნის იმიტაცია. ამიტომ ყოველ საღამოს არა, მაგრამ ხშირად ვიკმაყოფილებ ადამიანების მონატრებას ონლაინ შეხვედრებით.
  • ჩემს თავს შეზღუდვა დავუწესე ინფორმაციის განახლებაზე. დღის სიახლეებს ისეთი გზით მოვიპოვებ, რაზეც ბავშვებს წვდომა არ აქვთ. სახლში საიფორმაციო გამოშვებას არ ვუყურებთ. ბრიფინგებს და სხვა საჭირო ინფორმაციას ბეჭდური მედიით ვიღებ. ეს მეხმარება გავფილტრო საჭირო და ნაკლებადსაჭირო ინფორმაციის ზღვა და შევინარჩუნო ძალა, რომელიც ჩემი საყვარელი საქმეებისთვის მჭირდება.

 

ფსიქოლოგები დამეთანხმებიან, რომ არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პირობებში მშობლებს ცხოვრებას გაუადვილებს. თუმცა არსებობს სხვადასხვა ტექნიკები, რომლის გამოყენებაც მცირეწლოვანი ბავშვების ზრდასრულ ოჯახის წევრებს რთული დღეების გადატანაში დაგვეხმარება.

რას აკეთებთ თქვენ?

როგორ უმკლავდებით სახლში ყოფნის გამოწვევას მშობლები!

დარჩით სახლში და გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია.

გამოქვეყნებულ წერილს დაურთეთ ჰეშთეგი #მშობლობაიზოლაციაში

 

 

 

 

 

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *