მშობლებო, იომეთ ჩემნაირ მშობლებთან ერთად, წაგებამდე ნუ დაყრით ფარ-ხმალს…

რამდენიმე თვის წინ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე ეს სტატუსი დავდე და სკოლა მოვნიშნე:

„ჩემი შვილის პედაგოგს გადაეცით, “რეგვენი” კუმშვადია და მრავლობითში “რეგვნებოა” სწორი და არა “რეგვენებო-თქო”… ჩემი არ ესმის და…“

რამდენიმე საათში დამირეკა სკოლის დირექტორმა. (სკოლის პრობლემებზე არაერთხელ  დამიწერია და სკოლაც მომინიშნავს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სტატუსს დირექცია გამოეხმაურა) მისთვის მოულოდნელი იყო ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმა, ჩემთვის კი – მისი რეაქცია, რომელიც სკოლაში არსებულ ძალადობრივ გარემოზე, კერძოდ, პედაგოგების მხრიდან ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბარს მოჰყვა.

რატომ არ იცის სკოლის დირექტორმა, რომ პედაგოგი მოძალადეა? ერთ-ერთი მიზეზი ისაა,  რომ არავინ საუბრობს ამაზე ღიად. მშობელი არ გამოხატავს პროტესტს შვილის ლანძღვაზე, არც იმაზე, გაკვეთილიდან გააგდებენ თუ დაგვიანების გამო გაკვეთილზე არ შეუშვებენ, არც დასჯის იმ ფორმას აპროტესტებს, როგორიცაა მთელი გაკვეთილის მანძილზე ფეხზე დგომა. მშობელი თვლის, რომ ეს ნორმაა, არაფერია ამაში საგანგაშო. იქნებ ზოგისთვის საგანგაშოცაა, მაგრამ თავიდანვე ფარ-ხმალს ყრის და თავის უმოქმედობას იმით ამართლებს,  რომ აზრი არ აქვს ამის გაპროტესტებას – ვერაფერს შეცვლის. იქნებ ეზარება, იქნებ რცხვენია, იქნებ გამბედაობა არ ჰყოფნის, იქნებ იმ იარლიყებს გაურბის, რასაც აუცილებლად მიაკრავენ, თუ ხმას ამოიღებს. იქნებ ამ დუმილით თავისებურად შვილზეც ზრუნავს…

ბევრი „იქნებ“ არსებობს, სამწუხაროდ და ძალიან ცოტა მაგალითია იმისა, როცა მშობელს არც ეზარება, გამბედაობაც ჰყოფნის და არც ის იარლიყები აშინებს, როგორიცაა, მაგალითად, „ინტრიგანი“, „პროვოკატორი“…

ამ სტატუსამდე რამდენიმე თვით ადრე:

ზამთრის არდადეგებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, სკოლაში აღარ გამიშვათო, ჩემმა შვილმა რომ გვთხოვა. მიზეზი დამრიგებლის მოთხოვნა იყო, ან შეეჭრა გრძელი თმა, ან ასეთი თმით სკოლაში არ მისულიყო და თუკი მაინც მივიდოდა, მასწავლებელი დირექტორთან შეიყვანდა (ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, დირექტორი რომ ბუაა, რომლითაც ბავშვი უნდა შეაშინო).

დამრიგებელს დავურეკე და ავუხსენი, რომ ბავშვმა თმის გაზრდა გადაწყვიტა და ჩვენ პატივს ვცემთ მის არჩევანს, გემოვნებას… ვთხოვე, აღარ მიეცა მსგავსი შენიშვნა მისთვის. ამ საუბრის დროს გავბედე და უამრავი ბოდიშის მოხდით ვკითხე, მართლა ლანძღავდა თუ არა ბავშვებს და ეუბნებოდა ისეთ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს, როგორიცაა: „თქვენნაირი ცუდი კლასი ჯერ არ მყოლია“, „სად იზრდებით“, „ვინ არიან თქვენი მშობლები“, „ასეთი ცუდი მშობლები ჯერ შემხვედრია“, „როდის მოგიცილებთ ერთი სული მაქვს“… მან ზუსტად ასე მიპასუხა: „კი, ნამდვილად ვეუბნები, მაგრამ ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ისინი მიყვარსო“…

ავუხსენი, რომ ჩემთვის მიუღებელია პედაგოგმა ლანძღოს ბავშვები და მათი ოჯახები, რომ სიყვარული არ შეიძლება ამართლებდეს ასეთ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს. დავუდასტურე, რომ ეჭვი არ მეპარება მის სიყვარულში და რომ ჩემს შვილსაც უყვარს ის… მაგრამ ყოველთვის აპროტესტებს, როცა  ასე მიმართავს ბავშვებს.

ათასი ბოდიში მოვიხადე საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი პროტესტი გამაჩნდა და ძალიან კორექტულად ვსაუბრობდი პრობლემაზე, მაინც საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი, თვითონაც იგრძნობდა უხერხულობას, თავის შეცდომებზე დაფიქრდებოდა და აღარ ეტყოდა მოსწავლეებს, რომ ყველაზე ცუდები იყვნენ, ვინც კი აქამდე „აღუზრდია“, რომ ყველაზე საშინელი მშობლები ჰყავდათ,  რომ ცუდ ოჯახებში იზრდებოდნენ…

მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მან სხვა პედაგოგს ბავშვების თანდასწრებით უთხრა, რომ ბავშვები  ბატისტვინები იყვნენ.

ცოტა რამ „ბატისტვინობის“ შესახებ:

ამ „ბატისტვინობას“ თავისი მიზეზები აქვს – არასწორად შერჩეული სასწავლო პროგრამა, რომელსაც პედაგოგი თავისი შეხედულებისამებრ არჩევს და აბსოლუტურად აცდენილია ბავშვების ასაკსა და ინტერესებს.

სასკოლო სახელმძღვანელოები და კურიკულუმი ცალკე პრობლემაა, მაგრამ არიან პედაგოგები, რომლებიც ცეცხლს წყალს ასხამენ და არიან ასეთებიც – ნავთისმსხმელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ანბანის სწავლის შემდეგ „საგანძური“ თუ არ იქნება პირველი საკითხავი წიგნი, იაკობ გოგებაშვილი საფლავში ამოტრიალდება.

და ნეტავ მანახა ერთი ბავშვი მაინც, რომელიც 6-7 წლის ასაკში სიხარულით და ინტერესით სწავლობს  შავ-თეთრი წიგნიდან საბუნებისმეტყველო თუ ეთნოგრაფიულ ნაწარმოებებს… ასეთი ბავშვები არ არსებობენ, სამაგიეროდ არიან ისეთები, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რატომ შეიძლება იყოს კითხვა საინტერესო და სასიკეთო, როცა ასეთი უინტერესო და მტანჯველია.

ნეტავ ერთი ბავშვი მაინც მანახა, ვინც სიხარულით იზეპირებს ისტორიული პოემიდან 10-12 სტროფს და თვეების მანძილზე, გაკვეთილების ხარჯზე მიმდინარე რეპეტიციების დროს 70-ჯერ მაინც ისმენს მთელ პოემას… ყველა თავის წილ 10-12 სტროფს ყვება, თავის წილ ომს, თავის წილ სისხლს… ყველას თავის წილი შაჰ-აბასი ჰყავს… ყველა თავის წილ ტანჯვას ატარებს… და ზეიმზე თუ ღია გაკვეთილზე მისული მშობლების უმეტესობა ამაყი და ბედნიერი აღბეჭდავს ფირზე ამ ტანჯვას. ზოგი მოჟამული სახით მოუსმენს, ზოგს შერცხვება, ზოგი არც მივა… მაგრამ არავინ გააპროტესტებს ზეიმის რეპერტუარს და თუკი შენ აღმოჩნდები ერთადერთი, რომელიც ამას გააკეთებ, იქნები თავხედი და უმადური, რომელმაც წყალში ჩაუყარე მასწავლებელს ამდენი „შრომა“.

ცოტა რამ „უმადურობისა“ და „შრომის“ შესახებ

ჩემი შვილის ე.წ. „პოეზიის რვეულში“ (აქ წერენ ლექსებს, ანდაზებს, აფორიზმებს) ვკითხულობ:

„ უმჯობესია, რომ მოკვდეს კაცი, ვიდრე ცოცხლობდეს ვით ცოცხალ-მკვდარი“

და წარმოვიდგინე თითისტოლა ბავშვების გაკვეთილი, მასწავლებელი აფორიზმის პირველ სიტყვას „უმჯობესია“ რომ იტყვის და ბავშვები ერთხმად აგრძელებენ: „რომ მოკვდეს კაცი…“

(თუ მართლა გინდათ ამ პრობლემის სიმწვავეს ჩასწვდეთ, გადაიკითხეთ აკაკი წერეთლის „ქართველი ქალი“ და წარმოიდგინეთ, რომ 8-9 წლის ბავშვი ხართ, ეს კი თქვენი გაკვეთილია – ლექსის გარჩევა გაქვთ დასაწერი. http://poetry.ge/poets/akaki-tsereteli/poems/488.qartveli-qali.htm )

ჩემთვის ერთი მასწავლებლის დრომოჭმული შეხედულებები და მიდგომები კი არაა საგანგაშო, მშობლების დუმილია საგანგაშო. ამ დროს დუმილი დანაშაულია, რომლისთვისაც სასჯელს ჩვენი შვილები იხდიან.

სწავლა სიბნელეა, უსწავლელობა – სინათლე

ვცდილობ, ჩემს შვილს ეს სასჯელი შევუმსუბუქო, ხშირად მირჩევია მისთვის, ნუ წაიკითხავს იმ ნაწარმოებს, რომელიც კლასგარეშე საკითხავად დაავალეს, ნურც იმ ლექსს ისწავლის, რაც „პოეზიის რვეულში“ ჩაიწერა, ნურც გრამატიკის წესებს დაიზეპირებს, რომელიც 3 წლის შემდეგ შეხვდება სახელმძღვანელოში (მასწავლებელს წინსწრებით სწავლის სიკეთეების სწამს), ნურც ჩვიდმეტი მილიარდ ას ორმოცდათექვსმეტი მილიონ ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ექვსის რიცხვით ჩანაწერს გააკეთებს.  სამაგიეროდ, სხვა ნაწარმოები მირჩევია, რომელიც მისი ასაკისთვის შესაფერისია, სხვა ლექსი შემითავაზებია, რომელსაც ხალისით ისწავლის, სხვა ამოცანა შემიდგენია, რომლის ამოხსნა გაცილებით საინტერესო და სასიკეთოა, ვიდრე ცხრა წლის  ბავშვების ცხრანიშნა რიცხვებთან ჭიდილი.

ვხვდები, ორ ცეცხლს შუა რომ ვარ ამ დროს. არ მინდა მასწავლებლის დაუმორჩილებლობისკენ ვუბიძგო შვილს, მაგრამ იძულებული ვარ, ასე მოვიქცე – ის ცეცხლი ავირჩიო, რომელიც ნაკლებად წვავს.

ამ დროს კი მშობლები “სმაილებით” წერენ – „დავალება ჩვენ გვაქვს თუ ბავშვებს, ვერ გავიგე“ და უპრეტენზიოდ ასრულებენ თავიანთ დავალებებს. პედაგოგებს კი, რომელთა კომპეტენცია და მუშაობის ხარისხი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს, არათუ პრეტენზიას უყენებენ, მადლობის კოლექტიურ წერილებსაც კი წერენ ერთი მშობლის უმადურობის საპირწონედ, ერთი მშობლის პრეტენზიებით გამოწვეული პედაგოგის აღშფოთების შესამსუბუქებლად.

წერა რომ გავაგრძელო, ან იმ პრობლემებზე, რაზეც ზემოთ ვწერ, უფრო ვრცლად დამეწერა, ასეთი სათაურებიც შეგხვდებოდათ:

„ენა არ მომიტანოთ, ბავშვებო“

„ – მასწავლებელო, ტუალეტში მინდა.

– ჩაიფსი! „

„არაფერი მოხდარა, უბრალოდ, წაიკინკლავეს ბავშვებმა“ (და ერთმა მეორეს შენი დედა მოვტყანო, უთხრა, მეორემაც საკადრისად უპასუხა და მუშტი გაუქანა).

„ძალადობა არ კვახი… არაბუნებრივად აჟიტირებული ხართ“

„ბავშვები თვითონ გაარკვევენ, კაცები არიან“

„კრივზე შევიყვანე, რომ არ დაიჩაგროს“

„თმა მოქაჩა მასწავლებელმა, ხომ არ უცემია“

„მეც ვცემ ჩემს შვილებს, ცუდი დედა ვარ?!“

„ზეიმზე ჯინსით მოსული არ დაგინახოთ… თეთრი პერანგი ყველას გექნებათ“

„არაჩვეულებრივი ზეიმი იყო, რამდენი გიშრომიათ“

„ჩვენ მოგვწონს და შენ თუ არ მოგწონს, გადაიყვანე ბავშვი“

კიდევ ათასი უსამართლობა და სიბრმავე… რამდენი დავწერო… რით დავამთავრო…

პ.ს. წელს ჩემი შვილი ახალ სკოლაში მივა… ახალ კლასელებს გაიცნობს… უკვე მესამედ… ვამხნევებ, რომ მისი ყოფილი ბაღელია ახალ კლასში, აბა, ყველა უცხო კი არაა.

ბაღელს ბუნდოვნად იხსენებს, მაგრამ მაინც უხარია, ეიმედება.

გულში ვებოდიშები, რომ ასე გვიწევს. ჩემი ბავშვობა მახსენდება, რამხელა განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი, როცა სკოლა შემიცვალეს მშობლებმა.

თავს ვიიმედებ, იქნებ ახალ სკოლაში უკეთესი პედაგოგები მუშაობდნენ, იქნებ მის კლასელებს უფრო გონიერი და ფხიზელი მშობლები ჰყავდეთ, იქნებ კრივზე  სხვა მიზნით დადიოდნენ მის ირგვლივ მყოფი ბავშვები…

დასასრული

მშობლებო, იომეთ ჩემნაირ მშობლებთან ერთად, წაგებამდე ნუ დაყრით ფარ-ხმალს, ყოველთვის კი არ დავმარცხებდით…

 

ნათია ჯანაშია 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *