მშობელთა სკოლა

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ზრუნავს დაინტერესებული მშობლების განათლებაზე. საგანგებოდ სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის შეიქმნა ტრენინგ-მოდულები არსებულ პრობლემებს შორის ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ საკითხებზე, კერძოდ:

1. ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები;

2. სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები;

3. რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი;

4. ძალადობა, სტრესი და ბულინგი სკოლაში.

მოდული აგებულია ინტერაქტიულ მეთოდოლოგიაზე, მოიცავს სატრენინგო 4 სესიას და ეყრდნობა საგანმანათლებლო პრაქტიკაში გავრცელებულ კონცეფციებს.

მოდულის ზოგადი მიზნებია:

• სასკოლო პროცესებში მშობელთა ჩართულობის ამაღლება თანამედროვე და ადაპტირებული მექანიზმებით;
• თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება ეფექტური კომუნიკაციის ხერხების გამოყენებით;
• საგანამანათლებლო სივრცეში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გაცნობიერება და გაანალიზება;
• ძალადობის პროცესის შეფასება და მის წინააღმდეგ საპრევენციო გეგმის შემუშავება.

ორგანიზაციის კიდევ ერთი საქმიანობა მშობლებისთვის თემატური მასტერკლასების მოწყობაა. მასტერკლასი მშობელთა მცირე ჯგუფისთვის ტარდება და კონკრეტულ საკითხს ეხება. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს: „კლასისგან გარიყული მოზარდის პრობლემა“;  „მოსწავლის სუბიექტური შეფასება – როგორ გავიგოთ დააკლო თუ არა მასწავლებელმა ნიშანი“; „რა ვქნათ, როცა დირექცია და მასწავლებელი არ გვისმენს“; „რისი უფლება აქვს სკოლაში მშობელს“; “რა შეუძლიათ მშობლებს, როცა მოსწავლეები დადგენილ სტანდარტს ვერ აღწევენ” და ა.შ.