მოსწავლეთა მშობლების შესაძლებლობების განვითარების პროექტი განხორციელდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ განათლების კოალიციის მხარდაჭერით და „გუდავაძე-პატარკაციშვილი ფონდის“ დაფინანსებით პროექტი „მშობელთა შესაძლებლობების განვითარება“ განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვისთვის ხელშემწყობი მექანიზმების განვითარება და ბავშვის ინტერესების ადვოკატირება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავდა: სასკოლო სივრცეში მშობლების მხარდაჭერას, შვილების ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით.

მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერის ხელშემწყობის მიზნით ერთ-ერთ მექანიზმებად შემუშავდა სატელეფონო ცხელი ხაზი, სადაც მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია კონკრეტულ სიტუაციაში როგორ ეთანამშრომლათ სკოლასთან, რა ეფექტიანი მექანიზმები გამოეყენებინათ, რათა სკოლას მიიეღო ბავშვზე ორიენტირებული გადაწყვეტილება.

სატელეფონო საკონსულტაციო ხაზის ამოქმედების პირველივე თვეებში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად დაინტერესდნენ სასკოლო გამოწვევებიდან გამოსავლის ძიებით, ისარგებლეს კვალიფიციური სპეციალისტების რჩევებით და მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ, კონკრეტულ სიტუაციაში რისი უფლება-მოვალეობა ჰქონდათ და როგორ დაემყარებინათ სწორი კომუნიკაცია შვილის მასწავლებელთან თუ სკოლის დირექტორთან.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული სატელეფონო ცხელი ხაზი -219 60 80- აგრძელებს ფუნქციონირებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ მეტი მომზადებული მშობელი სკოლებსა და მშობლებს შორის სწორი კომუნიკაციის წინაპირობაა, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ბავშვების მიმართ სკოლისადმი დამოკიდებულებაზე, სკოლაში ქცევაზე და აკადემიურ მოსწრებაზე.
სატელეფონო-საკონსულტაციო ცენტრის ანგარიში – „რა აწუხებთ მოსწავლეთა მშობლებს სკოლაში?!“ – იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *