მასწავლებელი თუ მოინდომებს…

მე რომ 9 წლის ვიყავი, ის მაშინ  ალბათ ჩემი ახლანდელი ასაკის იქნებოდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა გავიცანი. პირველივე დღეს ჩვენი მომავალი პროფესიის შესახებ დაგვაწერინა თემა. მაშინ ასტრონომობა მინდოდა. მამაჩემს სახალისო ასტრონომიის წიგნი ჰქონდა და ვკითხულობდი. ვკითხულობდი და სულ ცისკენ  მეჭირა თვალი. ვინ დამარწმუნებდა მაშინ, რომ ვარსკვლავების თვლაზე მეტად წერა მეყვარებოდა, თუმცა შემიყვარდა და ეს სწორედ ჩემი პირველი ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ 9 წლისას არაფერი გამეგებოდა პედაგოგიკის და სწავლების თანამედროვე მეთოდების, ვიცოდი, რომ ის ყველაზე კარგად გვასწავლიდა და ვერ დავიჯერებდი, რომ მასზე უკეთ შეეძლო ვინმეს ჩვენთან მეგობრობა. როგორც ახლა ვხვდები, სტანდარტული ეროვნული სასწავლო გეგმა გვერდზე გადადო და თავისი ტაქტიკით მიჰყო ხელი ჩვენს წვრთვნას: ხალხური ზეპირსიტყვიერება, ომონიმთა, სინონიმთა და ანტონიმთა ლექსიკონები, საუკეთესო  ქართული ნაწარმოებების, განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური მოთხრობებისა და ნოველების გააზრება, მსჯელობა, თვალსაზრისის დასაბუთება, წერა, წერა, წერა, თუმცა არამარტო ანალიზის,  არამედ  მოსაზრებების, იმის, რასაც მაშინ თავისუფალ თემებს ვეძახდით. ეს სამოთხე იყო. ჩემი კლასელების გარდა ცოტა თუ  წარმოიდგენს, როგორია, როცა ორი გაკვეთილი მიბმული გაქვს და მაინც არ გყოფნის. გინდა გაგრძელდეს და სულ უსმინო, სულ ესაუბრო და გაუზიარო. იშვიათად, როცა ბავშვს  გაუმართლებს და დიდ დასვენებაზე მეტად, კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილი ეყვარება.

მალე ზამთრის არდადეგებიც  მოახლოვდა. მასწავლებელმა წიგნების სია მოგვცა და არდადეგებზე მათი წაკითხვა გვთხოვა. აბა ხათრს ვინ გაუტეხდა. მეც გავიქეცი ბიბლიოთეკაში და ახლაც მახსოვს, როგორ მოვიტანე სახლში სალამურას თავგადასავალი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში.

არდადეგები მალევე დასრულდა, მაგრამ წიგნის და ჩემი ურთიერთობა სამუდამოდ გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ესეც მისი დამსახურება იყო. რომ არა ის თავისუფლება და ინტერესი, რომელიც გაგვიღვივა, ვინ იცის, როდის დავინტერესდებოდი წიგნით. იქნებ მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად ფიზიკა და მათემატიკა მყვარებოდა, მაგრამ მან სხვა საგნის მასწავლებლებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვა. ამ ამბის შემდეგ ღრმად მწამს, რომ მასწავლებელი თუ მოინდომებს, მოსწავლის მომავალზე მარტივად იქონიებს გავლენას, თუმცა, თავისებური  სინერგიაა საჭირო, რომ მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობის შედეგად მივიღოთ განათლების ის შედეგი, რომელსაც ყველანი ვესწრაფვით.

მე არ ვარ განათლების მკვლევარი, არც იმას ვფიქრობ, რომ სწავლების რომელიმე სტრატეგია უნდა მოგახვიოთ თავს, არც მშობლის  პოზიციიდან ვსაუბრობ.  მხოლოდ ჩემი ბავშვური შთაბეჭდილებების შედეგად მიღებულ დასკვნებს გაგიზიარებთ:

  • სიყვარული და ხათრი – ბავშვისთვის მასწავლებელი ისეთივე ახლობელია, როგორც ნებისმიერი სხვა, ვისთანაც დღის ვრცელ მონაკვეთს ატარებს. მშობლების გარდა, ასეთი შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა, დედმამიშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან ძიძა. თუ ბავშვი მასწავლებლისგან გულწრფელ სიყვარულს გრძნობს (ამაში მას ვერცერთი ზრდასრული ვერ მოატყუებს), ის მზადაა სწავლასთან დაკავშირებით მისი სურვილები გაითვალისწინოს.
  • ინტერესი და მოტივაცია – ეს ორი რამ ნებისმიერი ინფორმაციის გაცნობის ძირითადი წინაპირობაა. მოსწავლეებში ამ ინტერესს ხშირად აღძრავს რაღაც ახალი, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებში არ წერია. ამიტომ, მასწავლებელი ხშირად უნდა მიმართავდეს დამატებით წყაროებს. რაც შეეხება მოტივაციას, ის შეიძლება განპირობებული იყოს როგორც მასწავლებლის სიყვარულით (რაზეც ზემოთ ვისაუბრე), ისე შეჯიბრებისა და გამარჯვების წყურვილით. ამაში მასწავლებელს ძალიან ეხმარება სხვადასხვა სახის შეჯიბრებები და ვიქტორინები.
  • გულშემატკივრობა – როდესაც რაღაც არ გამოგვდის ან გამოგვდის, ჩვენ ორივე შემთხვევაში გვჭირდება ახლობელი ადამიანების გულშემატკივრობა. ამ საჭიროებას ბავშვობაში კიდევ უფრო მძაფრად განვიცდით. გახსოვთ? – როდესაც რაიმეს დავხატავდით, დედას ვუზიარებდით, როდესაც რაიმე სპორტული მიღწევა გვქონდა – მამას. ბავშვისთვის შეუფასებელია სწავლების პროცესში ჩართული მთავარი მოქმედი გმირის გულშემატკივრობა. თუ თქვენ ასე მოიქცევით, მე მჯერა, რომ თქვენი პატარებისგან  სუპერმენებს მიიღებთ.
  • აღიარება – ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია უფროსისგან იმის აღიარება, რომ ის სრულუფლებიანი, თავისუფალი პიროვნებაა. ამ აღიარების შემთხვევაში ის უფრო მეტად იზიარებს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობას, ვიდრე მაშინ, როდესაც მას არ რთავენ დამოუკიდებლად მოქმედების ნებას. აღიარეთ ის სწავლა-სწავლების პროცესის სრულფასოვან მონაწილედ და სთხოვეთ, რომ თქვენთან ერთად გაიზიაროს პასუხისმგებლობა მისი სწავლის შედეგებზე. გარდა ამისა, ხშირად ჰკითხეთ აზრი საგაკვეთილო პროცესში. მათგან იმდენ რამეს გაიგებთ, თვითონვე გაიმარტივებთ სამუშაოს.
  • ავტორიტეტი – მცირე ასაკში ჩვენ ვაღიარებთ ავტორიტეტებს და გაუცნობიერებლად ვეძებთ კიდეც მათ. მასწავლებელი ამ ასაკში ჩვენთვის არა მხოლოდ საგნის სპეციალისტია, რომელიც ცოდნას გადმოგვცემს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი – განმანათლებელი, მენტორი, გურუ – რაც გინდათ უწოდეთ. თუ თქვენ, პედაგოგები ბავშვებისთვის არამხოლოდ ისტორიის ან მათემატიკის, არამედ ცხოვრების მასწავლებლები იქნებით, ისინი ამ როლის შესაბამის პატივს მოგაგებენ. მთავარი მაინც ერთია – გიყვარდეთ ისინი და მისცეთ უფლება, შეგიყვარონ.

თაია მახარაშვილი 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *