იმისათვის, რომ ომი მოვიგოთ…

ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც განათლების ტრენერი და სკოლის ყოფილი დირექტორია, ხშირად ამბობს ხოლმე: „ომს დედები და მასწავლებლები იგებენ“. რომელ ომსო – შეიძლება იკითხოს ვინმემ, მაგრამ ომი ომია, ცივილიზაციებს შორის იქნება, მეზობელ სახელმწიფოებს შორის თუ პიროვნების შიგნით. ამ ომის  შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერი, გამბედავი, უნარიანი და განათლებულია მეომარი, ამ მეომარს კი წვრთნა უნდა და ამას ოჯახი და სკოლა ერთად უნდა აკეთებდეს.

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩვენნაირ, არც მთლად დანგრეულ, მაგრამ არც მთლად აშენებულ ქვეყნებში ცხოვრება მართლაც ომივითაა. ეს ყველაფერი ომს თუ არა, სახლის გენერალურ დალაგებას მაინც ჰგავს: ყველა სფერო, მიმართულება, კურსი, ისევე, როგორც კუთხე-კუნჭული და ღიობი ძირისძირობამდე უნდა გაწმინდო და დაასუფთავო. ტრადიციები, სტერეოტიპები თუ ღირებულებები ზოგჯერ საოჯახო ნივთებივით უნდა დაალაგო და გადაახალისო. თუ ძალიან ძველი და უსარგებლოა, შეიძლება შეელიო და სანაგვეშიც კი გადაუძახო, ან არ გადაუძახო და სადმე საკუჭნაოში შეინახო, მუყაოს ყუთში მოთავსებული. ასეთ „დალაგებებს“ კი ზოგჯერ ნამდვილი თაობათა ბრძოლა მოსდევს: ძველები შენიშვნებს გვაძლევენ, გვამუნათებენ მემორიალური ნივთების და ტრადიციების ახალი, თანამედროვე ტექნიკით თუ ფასეულობებით ჩანაცვლების გამო. ზოგს დღესაც საბეჭდი მანქანა მოსწონს, ზოგიც კი ისეთ კომპიუტერზე ოცნებობს, გაჟღერებულს რომ ტექსტად აქცევს. კაცია და გუნება.

თაობებს შორის ამ მარადიული გახლეჩილობის მიუხედავად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი შვილები ძველი წესრიგის ყურმოჭრილ მონებად კი არა, სამომავლო რუბიკონების გადასალახად მოვამზადოთ.  არამარტო ბრძოლის, არამედ საკუთარი შეხედულებების, აზრის, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების უნარი და პასუხისმგებლობა გამოვუმუშაოთ, თუმცა ამ საქმეს რომ მოგების ჯერ არაფერი სცხია, ცხადია.

ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელიც 25 წელზე მეტია გრძელდება, დედები და მასწავლებლები შინაომებში  უფრო არიან ჩართულნი, ვიდრე საერთო მოწინააღმდეგესთან – გაუნათლებლობასთან ბრძოლაში. ერთი მხარე თუ მეორეს არაკომპეტენტურობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, მეორე პირველს უპასუხისმგებლობაში, უყურადღებობასა და შვილების აღუზრდელობაში სდებს ბრალს. სინამდვილეში სიმართლეც და ცდომილებაც ორივე მხარესაა.

მასწავლებლები, თუ ცალკეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, დემოტივირებული, სიღარიბის ზღვარზე მყოფი პროფესიული ერთობა, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად დაუფასებლობას საყვედურობენ. დაფასება მათი საყვარელი სიტყვაა და ყველაფერ იმას გამოხატავს, რაც ასე აკლიათ სახელმწიფოსგან, დირექტორებისგან, მშობლებისგან და მოსწავლეებისგან.

იმის გამო, რომ ეს პროფესია განსაკუთრებით პოპულარული არასოდეს ყოფილა, არც თაობათა ცვლით გამოირჩევა და კონკურენციაც თითქმის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს არაერთი ექსპერიმენტის მიუხედავად (ისიც საკითხავია, რამდენად ვარგისის), ის საკმარისად ვერ განვითარდა და ვეღარც ხარისხიან პროდუქტს ქმნის. პროფესიის უძრაობამ ღირებულებათა კრიზისიც გამოიწვია. თანამედროვე სტანდარტები, მიდგომები და მეთოდები პედაგოგიკაში თუ ზოგადად, ბავშვებთან მიმართებაში ცოტამ თუ დანერგა. დღეს სკოლაში სწავლობენ მშობლებისგანაც რადიკალურად განსხვავებული, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში დაბადებული, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე მოსწავლეები და მათ უმრავლეს შემთხვევაში ასწავლიან ძველი ყაიდის მასწავლებლები, რომლებისთვისაც ძნელია საკუთარი მოსწავლეების ინტერესის გამოწვევა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა. მათი აზრით თავისუფალი, ნაკლებად მორჩილი ბავშვები იმიტომ არიან „ასეთები“, რომ ისინი „მშობლებმა ვერ გაზარდეს“.

ზემოთხსენებული ლეგიონის პარალელურად, გვყავს პროფესიონალ მასწავლებელთა ერთი პატარა კოჰორტა,  რომლებიც გულს და სულს დებენ თავიან საქმიანობაში, თუმცა ვაღიაროთ, რომ არც ისინი დაგვიფასებია ჯეროვნად. საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რის სანაცვლოდ ითხოვს ამ ერთეულებისგან ალტრუიზმს და გმირობას.

სხვა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები, რომლებიც შვილების სასკოლო ცხოვრებაში არ ან ვერ ერთვებიან:

  • მათ არ სცალიათ, რადგან მასწავლებლების მსგავსად ისინიც ბევრს მუშაობენ და ხშირად ძალიან ცოტას უხდიან. მათ ხელმძღვანელებს კი სულაც არ ანაღვლებთ სკოლაში მშობელთა ჩართულობის საჭიროება;
  • მათთვის არავის უსწავლებია და არც მოუთხოვია, რომ ბავშვის განათლებაში მასწავლებლის ტოლფასი როლი უნდა ჰქონდეთ;
  • მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მშობლებს პასიურობას საყვედურობენ, არც მათი აქტიურობა და სკოლის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა ხიბლავთ;
  • არ აქვთ საკმარისი უნარები იმისათვის, რომ უკეთესად შეასრულონ სკოლის მოსწავლის მშობლის ფუნქცია, ხოლო საჭირო ინფორმაციას, რომელიც სკოლისგან უნდა მიიღონ, ხშირად ვერ მოიპოვებენ;
  • სახელმწიფო არ მუშაობს მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე.

ქართულ რეალობაში, სკოლასთან მიმართებაში ძირითადად რამდენიმე ტიპის მშობელს ვხვდებით: შვილის სასკოლო ცხოვრებით ნაკლებად დაინტერესებული, სკოლისადმი სკეპტიკურად განწყობილი, სკოლისადმი კრიტიკულად განწყობილი და სკოლისადმი ლოიალურად განწყობილი. სინამდვილეში, იმ ომს, რომლის მოგებასაც ვაპირებთ, სჭირდება ერთი მხრივ აქტიური, სკოლის საკითხებით დაინტერესებული, ინფორმირებული, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობაზე ორიენტირებული მშობელი, ხოლო მეორე მხრივ – კომპეტენტური, სწორი ღირებულებების მქონე, მოტივირებული და სიახლეებისადმი ტოლერანტულად განწყობილი მასწავლებელი, რომელიც ასევე მზადაა მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობისათვის. მხოლოდ ასე შეიძლება მომავალ თაობას მივცეთ ხალისი სწავლისთვის, საკუთარი მაგალითით გამოვუმუშაოთ პასუხისმგებლობა და ვასწავლოთ ყველაზე მთავარი, რომ საერთო მიზნები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი სოლიდარობით, თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით მიიღწევა.

თაია მახარაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *