ბლოგი

მშობლების ბლოგი

  • იმისათვის, რომ ომი მოვიგოთ…

    ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც განათლების ტრენერი და სკოლის ყოფილი დირექტორია, ხშირად ამბობს ხოლმე: „ომს დედები და მასწავლებლები იგებენ“. რომელ ომსო – შეიძლება იკითხოს ვინმემ, მაგრამ ომი ომია, ცივილიზაციებს შორის იქნება, მეზობელ სახელმწიფოებს შორის თუ პიროვნების შიგნით. ამ ომის  შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერი, გამბედავი, უნარიანი და განათლებულია მეომარი, ამ მეომარს კი წვრთნა უნდა და ამას ოჯახი და სკოლა ერთად უნდა აკეთებდეს.

    რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩვენნაირ, არც მთლად დანგრეულ, მაგრამ არც მთლად აშენებულ ქვეყნებში ცხოვრება მართლაც ომივითაა. ეს ყველაფერი ომს თუ არა, სახლის გენერალურ დალაგებას მაინც ჰგავს: ყველა სფერო, მიმართულება, კურსი, ისევე, როგორც კუთხე-კუნჭული და ღიობი ძირისძირობამდე უნდა გაწმინდო და დაასუფთავო. ტრადიციები, სტერეოტიპები თუ ღირებულებები ზოგჯერ საოჯახო ნივთებივით უნდა დაალაგო და გადაახალისო. თუ ძალიან ძველი და უსარგებლოა, შეიძლება შეელიო და სანაგვეშიც კი გადაუძახო, ან არ გადაუძახო და სადმე საკუჭნაოში შეინახო, მუყაოს ყუთში მოთავსებული. ასეთ „დალაგებებს“ კი ზოგჯერ ნამდვილი თაობათა ბრძოლა მოსდევს: ძველები შენიშვნებს გვაძლევენ, გვამუნათებენ მემორიალური ნივთების და ტრადიციების ახალი, თანამედროვე ტექნიკით თუ ფასეულობებით ჩანაცვლების გამო. ზოგს დღესაც საბეჭდი მანქანა მოსწონს, ზოგიც კი ისეთ კომპიუტერზე ოცნებობს, გაჟღერებულს რომ ტექსტად აქცევს. კაცია და გუნება.

    თაობებს შორის ამ მარადიული გახლეჩილობის მიუხედავად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი შვილები ძველი წესრიგის ყურმოჭრილ მონებად კი არა, სამომავლო რუბიკონების გადასალახად მოვამზადოთ.  არამარტო ბრძოლის, არამედ საკუთარი შეხედულებების, აზრის, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების უნარი და პასუხისმგებლობა გამოვუმუშაოთ, თუმცა ამ საქმეს რომ მოგების ჯერ არაფერი სცხია, ცხადია.

    ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელიც 25 წელზე მეტია გრძელდება, დედები და მასწავლებლები შინაომებში  უფრო არიან ჩართულნი, ვიდრე საერთო მოწინააღმდეგესთან – გაუნათლებლობასთან ბრძოლაში. ერთი მხარე თუ მეორეს არაკომპეტენტურობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, მეორე პირველს უპასუხისმგებლობაში, უყურადღებობასა და შვილების აღუზრდელობაში სდებს ბრალს. სინამდვილეში სიმართლეც და ცდომილებაც ორივე მხარესაა.

    მასწავლებლები, თუ ცალკეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, დემოტივირებული, სიღარიბის ზღვარზე მყოფი პროფესიული ერთობა, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად დაუფასებლობას საყვედურობენ. დაფასება მათი საყვარელი სიტყვაა და ყველაფერ იმას გამოხატავს, რაც ასე აკლიათ სახელმწიფოსგან, დირექტორებისგან, მშობლებისგან და მოსწავლეებისგან.

    იმის გამო, რომ ეს პროფესია განსაკუთრებით პოპულარული არასოდეს ყოფილა, არც თაობათა ცვლით გამოირჩევა და კონკურენციაც თითქმის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს არაერთი ექსპერიმენტის მიუხედავად (ისიც საკითხავია, რამდენად ვარგისის), ის საკმარისად ვერ განვითარდა და ვეღარც ხარისხიან პროდუქტს ქმნის. პროფესიის უძრაობამ ღირებულებათა კრიზისიც გამოიწვია. თანამედროვე სტანდარტები, მიდგომები და მეთოდები პედაგოგიკაში თუ ზოგადად, ბავშვებთან მიმართებაში ცოტამ თუ დანერგა. დღეს სკოლაში სწავლობენ მშობლებისგანაც რადიკალურად განსხვავებული, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში დაბადებული, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე მოსწავლეები და მათ უმრავლეს შემთხვევაში ასწავლიან ძველი ყაიდის მასწავლებლები, რომლებისთვისაც ძნელია საკუთარი მოსწავლეების ინტერესის გამოწვევა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა. მათი აზრით თავისუფალი, ნაკლებად მორჩილი ბავშვები იმიტომ არიან „ასეთები“, რომ ისინი „მშობლებმა ვერ გაზარდეს“.

    ზემოთხსენებული ლეგიონის პარალელურად, გვყავს პროფესიონალ მასწავლებელთა ერთი პატარა კოჰორტა,  რომლებიც გულს და სულს დებენ თავიან საქმიანობაში, თუმცა ვაღიაროთ, რომ არც ისინი დაგვიფასებია ჯეროვნად. საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რის სანაცვლოდ ითხოვს ამ ერთეულებისგან ალტრუიზმს და გმირობას.

    სხვა გამოწვევების წინაშე დგანან მშობლები, რომლებიც შვილების სასკოლო ცხოვრებაში არ ან ვერ ერთვებიან:

    • მათ არ სცალიათ, რადგან მასწავლებლების მსგავსად ისინიც ბევრს მუშაობენ და ხშირად ძალიან ცოტას უხდიან. მათ ხელმძღვანელებს კი სულაც არ ანაღვლებთ სკოლაში მშობელთა ჩართულობის საჭიროება;
    • მათთვის არავის უსწავლებია და არც მოუთხოვია, რომ ბავშვის განათლებაში მასწავლებლის ტოლფასი როლი უნდა ჰქონდეთ;
    • მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მშობლებს პასიურობას საყვედურობენ, არც მათი აქტიურობა და სკოლის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა ხიბლავთ;
    • არ აქვთ საკმარისი უნარები იმისათვის, რომ უკეთესად შეასრულონ სკოლის მოსწავლის მშობლის ფუნქცია, ხოლო საჭირო ინფორმაციას, რომელიც სკოლისგან უნდა მიიღონ, ხშირად ვერ მოიპოვებენ;
    • სახელმწიფო არ მუშაობს მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე.

    ქართულ რეალობაში, სკოლასთან მიმართებაში ძირითადად რამდენიმე ტიპის მშობელს ვხვდებით: შვილის სასკოლო ცხოვრებით ნაკლებად დაინტერესებული, სკოლისადმი სკეპტიკურად განწყობილი, სკოლისადმი კრიტიკულად განწყობილი და სკოლისადმი ლოიალურად განწყობილი. სინამდვილეში, იმ ომს, რომლის მოგებასაც ვაპირებთ, სჭირდება ერთი მხრივ აქტიური, სკოლის საკითხებით დაინტერესებული, ინფორმირებული, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობაზე ორიენტირებული მშობელი, ხოლო მეორე მხრივ – კომპეტენტური, სწორი ღირებულებების მქონე, მოტივირებული და სიახლეებისადმი ტოლერანტულად განწყობილი მასწავლებელი, რომელიც ასევე მზადაა მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობისათვის. მხოლოდ ასე შეიძლება მომავალ თაობას მივცეთ ხალისი სწავლისთვის, საკუთარი მაგალითით გამოვუმუშაოთ პასუხისმგებლობა და ვასწავლოთ ყველაზე მთავარი, რომ საერთო მიზნები ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი სოლიდარობით, თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით მიიღწევა.

    თაია მახარაშვილი

  • “მშობლები განათლებისთვის” “მშობელთა სკოლას” იწყებს

    ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის“ საგანგებოდ სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს იწყებს, რომელთა გავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება.

    ტრენინგის მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს:

    • ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში;
    • რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი;
    • სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები;
    • ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები.

    ტრენინგები პირველ ეტაპზე ორგანიზაციის მხარდამჭერების ახალი უნარებით აღჭურვას ითვალისწინებს და მათთვის უფასოა.

    ტრენინგის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ორგანიზაციის ორგანიზაციის ვებგვერდზე და facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია და არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ ტრენინგის საჭიროება, ვინაიდან სწორედ სამოტივაციო წერილზე იქნება დამოკიდებული აპლიკანტების შერჩევა.

    ტრენინგები ჩატარდება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თელავში, ხაშურში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

    ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათია. ტრენინგს გაუძღვება განათლების ტრენერი მანანა ჯინჭარაძე.

    დეკემბრის თვეში ტრენინგები ხაშურში, თელავში, ახალციხესა და გორში ჩატარდება. უკვე ცნობილია ტრენინგის ჩატარების ადგილი და დრო პირველ ორ მუნიციპალიტეტში. “მშობელთა სკოლას” ხაშურის N1 საჯარო სკოლა 6 დეკემბერს, ხოლო თელავის N7 საჯარო სკოლა 7 დეკემბერს უმასპინძლებს.

    იმ მშობლებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან პირველი ეტაპის შერჩევაში ან არ არიან ორგანიზაციის მხარდამჭერი წევრები, ტრენინგ-კურსებზე რეგისტრაცია სიმბოლურ ფასად შეეთავაზებათ.

    პროექტი დაფინანსებული კოალიცია “განათლება ყველასათვის-საქართველოს” მიერ.

    რეგისტრაცია 

  • 219 60 80 – საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით სატელეფონო მომსახურების პირველი ცენტრი ამოქმედდა

    ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“, სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, სატელეფონო მომსახურების ცენტრი აამოქმედა.

    ტელეფონის ნომერზე – 219 60 80 დარეკვის შემთხვევაში, მშობელი კონსულტაციას მიიღებს ნებისმიერ სასკოლო საკითხზე, რაც მას და მის შვილს ეხება. კერძოდ, რა ვალდებულებები და უფლებები აქვს სკოლას, მასწავლებელს და მშობელს ბავშვის განათლების საკითხში; როგორ ითანამშრომლოს მშობელმა სკოლასთან; რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც სახეზეა ბავშვზე ძალადობის პრობლემა და ვის ეხება მისი მოგვარება; როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სწავლების ფორმა ან სასწავლო პროცესში დაფიქსირებული ღირებულებები არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს; აქვს თუ არა მშობელს სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება; გასაჩივრების რა შიდა და გარე მექანიზმები არსებობს; როგორ მოიქცეს მშობელი თუ ირღვევა ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

    განათლების საკითხებზე და მშობლის ინფორმირებაზე ორიენტირებული სატელეფონო მომსახურების ცენტრის ამოქმედება საქართველოში პირველი პრეცედენტია. ცენტრი ამოქმედდა კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ მხარდაჭერით.

     

  • „მშობლები განათლებისთვის“ საჯარო შეხვედრებს სექტემბრიდან განაახლებს

    ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდამჭერებთან შეხვედრებს აგრძელებს.  ამჯერად, ასოციაციის დამფუძნებლებთან დიალოგი მხარდამჭერების ინიციატივით შედგა. მშობლებმა სკოლასთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითების განხილვის პარალელურად, პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე იმსჯელეს.

    ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს გაიცნოს და შეისწავლოს სხვა მშობლების გამოცდილება. ამ მიზნით სექტემბერში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები რუსთავსა და თბილისში, სადაც განხილული იქნება სასკოლო გამოწვევები როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.  …

  • მშობლებო, იომეთ ჩემნაირ მშობლებთან ერთად, წაგებამდე ნუ დაყრით ფარ-ხმალს…

    რამდენიმე თვის წინ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე ეს სტატუსი დავდე და სკოლა მოვნიშნე:

    „ჩემი შვილის პედაგოგს გადაეცით, “რეგვენი” კუმშვადია და მრავლობითში “რეგვნებოა” სწორი და არა “რეგვენებო-თქო”… ჩემი არ ესმის და…“

    რამდენიმე საათში დამირეკა სკოლის დირექტორმა. (სკოლის პრობლემებზე არაერთხელ  დამიწერია და სკოლაც მომინიშნავს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სტატუსს დირექცია გამოეხმაურა) მისთვის მოულოდნელი იყო ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმა, ჩემთვის კი – მისი რეაქცია, რომელიც სკოლაში არსებულ ძალადობრივ გარემოზე, კერძოდ, პედაგოგების მხრიდან ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბარს მოჰყვა. …

  • მასწავლებელი თუ მოინდომებს…

    მე რომ 9 წლის ვიყავი, ის მაშინ  ალბათ ჩემი ახლანდელი ასაკის იქნებოდა. მესამე კლასში ვიყავი, როცა გავიცანი. პირველივე დღეს ჩვენი მომავალი პროფესიის შესახებ დაგვაწერინა თემა. მაშინ ასტრონომობა მინდოდა. მამაჩემს სახალისო ასტრონომიის წიგნი ჰქონდა და ვკითხულობდი. ვკითხულობდი და სულ ცისკენ  მეჭირა თვალი. ვინ დამარწმუნებდა მაშინ, რომ ვარსკვლავების თვლაზე მეტად წერა მეყვარებოდა, თუმცა შემიყვარდა და ეს სწორედ ჩემი პირველი ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა. …

  • მშობლებო, ხელის გულზე გიდევთ პრობლემები! თქვით. ილაპარაკეთ..

    მშობლებო, ამოიღეთ ხმა! 

    კონსტრუქციულად გამოთქვით თქვენი აზრი, თორემ ამდენი დუმილით სკოლაში უინტერესოები ვგონივართ.

    ხმამაღლა და გასაგებად თქვით, რასაც ერთად შეკრებილები მოსთქვამთ, რაზეც გაუჩერებლად საუბრობთ ყველგან, სკოლის კედლების გარდა. …

  • „მშობლები განათლებისთვის“ რეგიონულ ტურს ატარებს

    ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ტურს ატარებს, რომელიც კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

    რეგიონული ტურის მიზანი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მშობელთა საჭიროებების შესწავლაა. …