ახალი ამბები

ახალი ამბები
  • „მშობლები განათლებისთვის“ საჯარო სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის საკითხებს შეისწავლის.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის სისტემის შესწავლას იწყებს.
    „სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვის პილოტირების” პროექტის მიზანია, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების მართვისა და დაცვის სისტემის/მოდელის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც თავდაპირველად 3 სამიზნე სკოლაში დაინერგება. პროექტის დასრულების შემდგომ მიღებული გამოცდილების გადატანა სხვა საჯარო და კერძო სკოლებშიც იქნება შესაძლებელი.
    სკოლების შერჩევა ურბანული კრიტერიუმით მოხდა. რაც საშუალებას იძლევა მეტნაკლები ალბათობით გამოიკვეთოს 3 ტიპის დასახლებაში (დედაქალაქი, მუნიციპალური ცენტრი, სოფელი) არსებული სკოლებისთვის დამახასიათებელი პრობლემები და აქტუალური საკითხები. შერჩეულ სკოლებში პრაქტიკისა და სისტემის გაუმჯობესებით, მართვის მოდელის შექმნით შესაძლებელი იქნება ამ მოდელის სხვა დაწესებულებებში დანერგვა-ადაპტაცია, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემაში პირველ რიგში ბავშვთა და ახალგაზრდების პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
     ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა მართვისა და დაცვის რეგულაციური გარემოს კვლევა;
     სამიზნე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა მართვისა და დაცვის პრაქტიკის კვლევა;
     სამიზნე სკოლების პერსონალის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ტრენინგები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე.
     ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პერსონალური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოს მომზადება;

    პროექტი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მიღებული შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

  • მოსწავლეთა მშობლები სასკოლო პრობლემებს შეისწავლიან

    14 სექტემბერს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრში ctc არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ნამდვილი წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე სასკოლო გარემოსთვის დამახასიათებელი პრობლემების მოსწავლეთა საჭიროებების ჭრილში განხილვა და მშობლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების ფორმირება. შეხვედრის შედეგად დაკომპლექტდა 3 ჯგუფი, რომლებიც სამ სხვა და სხვა საკითხს შეისწავლიან და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
    ორგანიზაციის წევრებმა პირველ ეტაპზე სამუშაოდ კონსენსუსის გზით შეარჩიეს შემდეგი თემები:
    • სკოლებში ჯანსაღ კვებაზე ხელმისაწვდომობა;
    • ბავშვთა მიმართ ძალადობა სკოლებში;
    • ჭარბი საშინაო დავალების გავლენა მოსწავლეთა მოტივაციაზე.

    მშობელთა ჯგუფებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. თითოეული ჯგუფი მიზნად ისახავს სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა კეთილდღეობის ზრდას. ახლო მომავალში არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” წევრები სხვა არანაკლები მნიშვნელობის მქონე აქტუალურ პრობლემებს შეისწავლიან.

  • ასოციაცია “მშობლები განათლებისთვის” ორგანიზაციის მუნიციპალური კოორდინატორების ქსელს ქმნის

    ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით მშობელთა ქმედითი ქსელის შექმნას იწყებს. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ორგანიზაციის მუნიციპალური კოორდინატორები, რომელთა საშუალებით ორგანიზაცია რეგიონებთან კავშირს გაამყარებს.

    პირველ ეტაპზე მუნიციპალური კოოდინატორები შეირჩევიან ხაშურში, თელავში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების მონაწილეთა შორის. მომავალი წლიდან კი კოორდინატორთა ქსელი სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

    კოორდინატორი მოვალეობის შესრულება მოხალისეობრივი საქმიანობაა, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მოსწავლეთა და აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

    ორგანიზაცია უფლებამოსილია წარადგინოს და გაასაჯაროვოს მუნიციპალური კოორდინატორების ვინაობა; სწრაფი რეაგირება მოახდინოს და ხელი შეუწყოს მუნიცილურ კოორდინატორს საქმიანობის განხორციელებაში; მიაწოდოს მას საჭირო მასალები და უზრუნველყოს მისი გადამზადება.

    მუნიციპალური კოორდინატორობის მსურველს ორგანიზაცია შესაძლებლობას მისცემს და დაეხმარება:

    • გაიაროს ტრენინგები და აიმაღლოს ცნობიერება სკოლასთან კომუნიკაციის, მშობელთა უფლებების, მშობელთა შესაძლებლობების და ბულინგთან გამკლავების შესახებ;
    • ორგანიზაციის სახელით, მუნიციპლიტეტის სკოლებში სხვა მშობლებთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის გამიზნული პროექტები;
    • ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დაეხმაროს მშობლებს, რომელთა შვილებსაც სკოლებში პრობლემები შეექმნებათ;
    • აქტიური მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ მის სამუშაო არეალში დაგეგმილ პროექტებში;
    • გახდეს ორგანიზაციის ნამდვილი წევრი.

    მუნიციპალური კოორდინატორი ვალდებულია:

    • დაიცვას ასოციაციის ეთიკის კოდექსი;
    • არ დაგეგმოს და არ განახორციელოს აქტივობა ორგანიზაციის გამგეობასთან შეუთანხმებლად;
    • აქტიური სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია იქონიოს ორგანიზაციის გამგეობასთან;
    • იყოს ორგანიზაციის მხარდამჭერი ან ნამდვილი წევრი.

    კოორდინატორობის მსურველებმა ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე georgianp4e@gmail.com ან ამავე ვებგვერდზე მითითებულ განყოფილების – “მოგვწერეთ” საშუალებით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი, რომელშიც განმარტავენ რატომ სურთ აღნიშნული მოხალისეობრივი საქმიანობა და რას გააკეთებენ რეგიონებში ორგანიზაციის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

    აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს გაათავისუფლოს პირი კოორდინატორის მოვალეობის შესრულებისგან.

    პროექტი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური კოორდინატორების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, დაფინანსებულია კოალიცია “განათლება ყველასათვის – საქართველოს” მიერ.

  • “მშობლები განათლებისთვის” “მშობელთა სკოლას” იწყებს

    ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის“ საგანგებოდ სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს იწყებს, რომელთა გავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება.

    ტრენინგის მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს:

    • ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში;
    • რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი;
    • სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები;
    • ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები.

    ტრენინგები პირველ ეტაპზე ორგანიზაციის მხარდამჭერების ახალი უნარებით აღჭურვას ითვალისწინებს და მათთვის უფასოა.

    ტრენინგის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ორგანიზაციის ორგანიზაციის ვებგვერდზე და facebook გვერდზე განთავსებული აპლიკაცია და არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ ტრენინგის საჭიროება, ვინაიდან სწორედ სამოტივაციო წერილზე იქნება დამოკიდებული აპლიკანტების შერჩევა.

    ტრენინგები ჩატარდება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თელავში, ხაშურში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

    ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათია. ტრენინგს გაუძღვება განათლების ტრენერი მანანა ჯინჭარაძე.

    დეკემბრის თვეში ტრენინგები ხაშურში, თელავში, ახალციხესა და გორში ჩატარდება. უკვე ცნობილია ტრენინგის ჩატარების ადგილი და დრო პირველ ორ მუნიციპალიტეტში. “მშობელთა სკოლას” ხაშურის N1 საჯარო სკოლა 6 დეკემბერს, ხოლო თელავის N7 საჯარო სკოლა 7 დეკემბერს უმასპინძლებს.

    იმ მშობლებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან პირველი ეტაპის შერჩევაში ან არ არიან ორგანიზაციის მხარდამჭერი წევრები, ტრენინგ-კურსებზე რეგისტრაცია სიმბოლურ ფასად შეეთავაზებათ.

    პროექტი დაფინანსებული კოალიცია “განათლება ყველასათვის-საქართველოს” მიერ.

    რეგისტრაცია 

  • 219 60 80 – საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით სატელეფონო მომსახურების პირველი ცენტრი ამოქმედდა

    ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“, სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, სატელეფონო მომსახურების ცენტრი აამოქმედა.

    ტელეფონის ნომერზე – 219 60 80 დარეკვის შემთხვევაში, მშობელი კონსულტაციას მიიღებს ნებისმიერ სასკოლო საკითხზე, რაც მას და მის შვილს ეხება. კერძოდ, რა ვალდებულებები და უფლებები აქვს სკოლას, მასწავლებელს და მშობელს ბავშვის განათლების საკითხში; როგორ ითანამშრომლოს მშობელმა სკოლასთან; რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც სახეზეა ბავშვზე ძალადობის პრობლემა და ვის ეხება მისი მოგვარება; როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სწავლების ფორმა ან სასწავლო პროცესში დაფიქსირებული ღირებულებები არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს; აქვს თუ არა მშობელს სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება; გასაჩივრების რა შიდა და გარე მექანიზმები არსებობს; როგორ მოიქცეს მშობელი თუ ირღვევა ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

    განათლების საკითხებზე და მშობლის ინფორმირებაზე ორიენტირებული სატელეფონო მომსახურების ცენტრის ამოქმედება საქართველოში პირველი პრეცედენტია. ცენტრი ამოქმედდა კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ მხარდაჭერით.

     

  • „მშობლები განათლებისთვის“ საჯარო შეხვედრებს სექტემბრიდან განაახლებს

    ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარდამჭერებთან შეხვედრებს აგრძელებს.  ამჯერად, ასოციაციის დამფუძნებლებთან დიალოგი მხარდამჭერების ინიციატივით შედგა. მშობლებმა სკოლასთან ურთიერთობის განსხვავებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითების განხილვის პარალელურად, პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე იმსჯელეს.

    ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს გაიცნოს და შეისწავლოს სხვა მშობლების გამოცდილება. ამ მიზნით სექტემბერში დაგეგმილია საჯარო შეხვედრები რუსთავსა და თბილისში, სადაც განხილული იქნება სასკოლო გამოწვევები როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.  …

  • „მშობლები განათლებისთვის“ რეგიონულ ტურს ატარებს

    ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ ტურს ატარებს, რომელიც კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

    რეგიონული ტურის მიზანი სკოლის მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მშობელთა საჭიროებების შესწავლაა. …